ფეხბურთი

1:08 | 7.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძის საგოლე პასები და ტრავმა, "ცრვენა ზვეზდაში" აზაროვი ისევ არ ჩანს (+VIDEO)

გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში საუკეთესო თამაში ჩაატარა და კონფერენს ლიგაზე შვეიცარიულ „ბაზელთან“ ორი საგოლე პასი გააკეთა, მაგრამ სამწუხაროდ, ტრავმაც მიიღო.

ჩაკვეტაძემ ჯერ 36-ე წუთზე ლუკაშ პაუშჩეკს გაუკეთა შესანიშნავი გადაცემა და სლოვაკებმა ანგარიში გახსნეს, ხოლო ტაიმის ბოლო წუთზე დიდებული სოლორეიდი განახორციელა, პასი ჩავრიჩს მისცა, რომელმაც ზუსტად დაარტყა და სხვაობა ორამდე გაზარდა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა ეს უპირატესობა შეინარჩუნა და „სენტ იაკობს პარკზე“ 2:0 მოიგო.

გიორგი მე-60 წუთზე დაშავდა და შეცვალეს. ჯერ უცნობია ტრავმის ხარისხი, მაგრამ მან მოედანი საკუთარი ფეხით დატოვა. ამ შეხვედრაში გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს. ჯაბამ ყვითელი ბარათიც მიიღო. „სლოვანმა“ ამ მოგებით 4 ქულა დააგროვა და ორ-ორი ქულით ჩამორჩება „ბაზელსა“ და „პიუნიკს“.

პოზნანის „ლეხმა“ ბეერ შევას „ჰაპოელს“ უმასპინძლა და უგოლოდ დაშორდა. გიორგი წიტაიშვილი და ნიკა კვეკვესკირი თამაშში ერთდროულად, მე-60 წუთზე ჩაერთვნენ. „ლეხს“ 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა.

ევროპა ლიგაზე გრაცის „შტურმმა“ რომის „ლაციოს“ უმასპინძლა და გუნდები უგოლო ფრით დაშორდნენ. ოთარ კიტეიშვილი თამაშში 69-ე წუთზე ჩაერთო და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ყვითელი ბარათი მიიღო. „შტურმს“ სამ ტურში 4 ქულა აქვს, მომდევნო ტურში კი „ლაციოს“ ესტუმრება.

ირაკლი აზაროვის „ცრვენა ზვეზდამ“ „ფერენცვაროში“ 4:1 დაამარცხა. სერბული გუნდის განაცხადში ქართველი მცველი ისევ ვერ მოხვდა. ბელგრადელთა რიგებში ჯერჯერობით აზაროვმა დამკვიდრება ვერ მოახერხა. თავის მხრივ, „ფერენცვაროშის“ განაცხადში გიორგი ხარაიშვილი ისევ არ იყო, რაც სიახლე აღარ არის. სერბულ გუნდს 3 ქულა აქვს, უნგრულს - 6.

აზერბაიჯანულმა „ყარაბაღმა“ პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ სტუმრად 3:0 მოუგო, ლუკა გუგეშაშვილი ისევ თადარიგში დარჩა. აზერბაიჯანულ გუნდს 6 ქულა აქვს და ჯგუფში „ფრაიბურგის“ შემდეგ მეორე ადგილზეა.

0.116685