„ჰონდამ“ ფორმულა 1 ოფიციალურად 2020 წლის სეზონის შემდეგ დატოვა. იაპონურმა კომპანიამ ამ გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა ის, რომ თავისი შესაძლებლობების ელექტრომობილების წარმოებისკენ მიმართვა სურდა.
წასვლის მიუხედავად, „ჰონდამ“ მაინც გააგრძელა „რედ ბულის“ დახმარება და მისთვის ძრავებს გასულ სეზონშიც აწარმოებდა. პარალელურად, ავსტრიულ გუნდს ძრავების წარმოების თავისი ტექნოლოგიები გადასცა და შესაბამისი ტექნიკური ცენტრიც (რედ ბულ პაუერტრეინს) მოუწყო.
მათი თანამშრომლობა ამ სეზონშიც გრძელდება, იაპონურ კომპანიას კი დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ ხარები მიმდინარე ჩემპიონატს დიდი უპირატესობით იგებენ. ამიტომ, „რედ ბულმა“ გადაწყვიტა, რომ იაპონიის დიდ პრიზზე, რომელიც „ჰონდას“ კუთვნილ ტრეკ სუზუკაზე ტარდება, მისი და შვილობილი „ალფატაურის“ მანქანების უკანა ფრთები, „ჰონდას“ ლოგოტიპით გააფორმოს.
სხვათა შორის, „ჰონდა“ ფ1-ში კიდევ ერთხელ დაბრუნებაზე ფიქრობს. ჯერ ეს დადასტურებული ინფორმაცია არაა. თუმცა მედიაში უკვე ლაპარაკობენ იმაზე, რომ დაბრუნების შემთხვევაში, იაპონური კომპანია „ალფატაურის“ შეისყიდის და მის ბაზაზე, საკუთარ გუნდს ჩამოაყალიბებს. „რედ ბული“ კი „ჰონდას“ ტექნოლოგიებით ფ1-ის ძრავების წარმოებას, ბრიტანეთში გააგრძელებს.