ავტოსპორტი

1:27 | 6.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონს ახალი ხუთწლიანი კონტრაქტი სურს

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ ლუის ჰამილტონს არაერთხელ უთქვამს, რომ ფორმულა 1-ში კიდევ რამდენიმე სეზონის გატარებას აპირებს. ამასთან, მას „მერსედესში“ დარჩენა სურს. მართალია, ეს სეზონი მისთვის პირველია, რომელშიც ჯერ რბოლა არ მოუგია, მაგრამ მას სჯერა, რომ „მერსედესი“ მალე ისევ ჩემპიონობისთვის მებრძოლთა სიაში დაბრუნდება.

სწორედ ესაა იმის საბაბი, რომ მას სამქიმიანებთან ახალი, მრავალწლიანი კონტრაქტის გაფორმება სურს. ფრანგულ ტელეარხ „კანალ პლუსთან“ საუბრისას, „მერსედესის“ შეფმა ტოტო ვოლფმა განაცხადა, რომ 37 წლის ბრიტანელს ფ1-ში კიდევ ხუთი წლით დარჩენა სურს.

„მან მითხრა, რომ კიდევ ხუთი წლით დარჩენა სურს. რა თქმა უნდა, მე დავეთანხმე“, - ამბობს ვოლფი და დასძენს: „ნახეთ, რა კარგ ფორმაშია ფერნანდო ალონსო. არ ვიცი, ისევე სწრაფია, როგორიც 25 წლისა იყო. მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან სწრაფია. ლუისის ცხოვრების წესი, მისი მიზანსწრაფულობა იმის გარანტიაა, რომ უახლოეს ხუთ სეზონში ის ფორმაში დარჩება.

დარწმუნებული ვარ, ის პირველად ჩემთან მოვა და მეტყვის, რომ რეაქცია აღარ აქვს, ან რბოლებში მონაწილეობა მობეზრდა. ან სურს, რომ გზა ახალგაზრდებს დაუთმოს და ამის გამო წასვლას აპირებს. მაგრამ ჯერჯერობით, მასთან კონტრაქტის გაგრძელებას ვაპირებ. ჩვენ ჯერ ყველა დეტალი არ შეგვითანხმებია, მაგრამ აუცილებლად შევთანხმდებით“.

0.116943