ჩოგბურთი

0:37 | 6.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალკარასმა პირველი ჩოგნის რანგში პირველივე თამაში წააგო

კარლოს ალკარასმა მსოფლიოს პირველი ჩოგნის სტატუსის მოპოვების შემდეგ, პირველად ასტანას ღია პირველობაზე თამაში სცადა, მაგრამ ყაზახურ ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშა. ის ბელგიელ დავიდ გოფენთან 7-5, 6-3 დამარცხდა. წაგების შემდეგ, ესპანელმა განაცხადა, რომ მას მოუწევს ისეთ მეტოქეებთან თამაშის სწავლა, რომლებიც აგრესიულად თამაშობენ და მუდმივად ზეწოლის ქვეშ ყავთ ოპონენტები.

ალკარასმა, ვინც მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა პირველი ჩოგანია, ხუთჯერ წააგო თავის მოწოდებაზე გეიმი. მომდევნო კვირაში ის ბაზელის ტურნირზე გამოსვლას გეგმავს. წაგების მიუხედავად, ალკარასს ATP-ს ფინალში თამაშის უფლება უკვე მოპოვებული აქვს.

„მან ჩემზე უკეთ ითამაშა. ძალიან, ძალიან აგრესიული იყო. ვერ გავუმკლავდი იმ ზეწოლას, რომელსაც მისგან მთელი შეხვედრისას ვგრძნობდი. ასეთ მეტოქეებთან თამაში უნდა ვისწავლო. ეს შეხვედრა შესანიშნავი გაკვეთილი იყო. ამდენი ხნის უთამაშებლობის შემდეგ, კორტზე დაბრუნება ძალიან რთულია. თავდაჯერება მაკლდა“, - განაცხადა 19 წლის ალკარასმა, ვინც ახლახანს აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა.

გოფენმა განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე ტურნირზე ცუდად ითამაშა, მაგრამ ამის მიუხედავად, ალკარასთან სათამაშოდ, თავდაჯერებული გამოვიდა: „როდესაც მსოფლიოს პირველ ჩოგანთან თამაშობ, დიდ არენაზე, ბევრი მაყურებლის წინაშე, შინაგანი ცეცხლი ძალას გმატებს და საუკეთესო ჩოგბურთის თამაშში გეხმარება. სხვა თუ არაფერი, სხვა გზა არც გაქვს. უნდა იბრძოლო და ყველაფერი გაიღო. დღეს სწორედ ეს შემთხვევა მქონდა“.

0.118274