ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ „ნაპოლისა“ და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ნეაპოლელთა კარგი თამაშის მთავარი მიზეზი ლუჩანო სპალეტია, კვარა კი, კიდევ ერთხელ შეაქო.
„ნაპოლის“ ასეთი თამაში ყველაზე მეტად იმ გენიოსის დამსახურებაა, რომელიც სათადარიგო სკამზეა (სპალეტი - რედ). კალიდუ კულიბალი კიმით შეცვალეს, დაიმატეს ანგისა, რომელიც „ფულჰემში“ სათადარიგო სკამზე იჯდა, შეიძინეს კვარა. „ნაპოლის“ შესანიშნავი სატრანსფერო კამპანია ჰქონდა.
„ტორინოსთან“ თამაში კარგად იყო შესწავლილი, პირველ ტაიმში მეტოქე თავის ნახევარზე გამოკეტეს და სწორედ ამის დამსახურება იყო ანგისას გოლი. იურიჩის „ტორინო“ ასეთი სუსტი არასდროს მინახავს, როგორც ამ 40 წუთში იყო. კვარას ცალკე ახსნა სჭირდება. სიგიჟეა, რომ არცერთ გუნდს მისი დამატების იდეა არ ჰქონდა და ტრანსფერზე მხოლოდ „ნაპოლიმ“ იმუშავა. მე ზედსართავი სახელები აღარ მაქვს მის დასახასიათებლად. უზარმაზარი პოტენციალი აქვს, მას აქამდე არ ვიცნობდი“, - თქვა კასანომ.