ფრანგულ მედიაში გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, ჰოლანდიელმა ნიკ დე ფრისმა კონტრაქტი გააფორმა „ალფატაურისთან“ და მომავალ სეზნს სწორედ „რედ ბულის“ უმცროს გუნდში გაატარებს. ეს ნიშნავს, რომ ხარებმა პიერ გასლის „ალპინში“ გადასვლაზე მწვანე შუქი აუნთო.
მას შემდეგ, რაც იტალიის დიდ პრიზზე, დე ფრისმა „უილიამსში“ ნაოპერაციები ალექს ელბონი შეცვალა და რბოლა ორი ქულით დაასრულა, მან „რედ ბულის“ ავტოსპორტის მრჩეველ ჰელმუტ მარკოს და „ალფატაურის“ ყურადღება მიიქცია.
აღსანიშნავია, რომ მონცას რბოლამდე, მარკო ინდიქარის ამერიკელი კოლტონ ჰერტათი იყო დაინტერესებული. მაგრამ ამას სუპერ ლიცენზიისთვის ქულები არ ჰყოფნის.
იმავდროულად, პიერ გასლის „ალფატაურიდან“ „ალპინში“ გადასვლა სურს, რადგან „რედ ბულის“ ოჯახში დაწინაურების შანსი პრაქტიკულად აღარ აქვს. ხარებს ნიჭიერი ფრანგის გაშვება არ სურდათ, მაგრამ ადრე თუ გვიან, ამის გაკეთება მოუწევთ. მისი სრულფასოვან შემცვლელის როლის შესრულება კი დე ფრისს თავისუფლად შეუძლია.
სხვათა შორის, ჰოლანდიელმა უკვე აღიარა, რომ მარკოსთან მოლაპარაკება აქვს. „ალფატაურიში“ გადასვლის შემთხვევაში, მას თავის გამოჩენის შესაძლებლობა ექნება და თუ ეს შეძლო, აუცილებლად გადაიყვანენ „რედ ბულში“, სადაც უკვე ტიტულოვანი თანამემამულე მაქს ფერსტაპენი დახვდება...