„ფერარის“ შარლ ლეკლერმა სინგაპურის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა მოიგო. წვიმის აკომპანიმენტით გამართული რბოლა, მხოლოდ მერვე შედეგით დაასრულა მსოფლიო ჩემპიონატის ლიდერმა მაქს ფერსტაპენმა. ლეკლერს მხოლოდ 0.022 წამით ჩამორჩა სერხიო პერესი, მესამე დრო კი ლუის ჰამილტონს ჰქონდა.
ფერსტაპენს შანსი ჰქონდა, რომ ლეკლერზე უკეთესი დრო დაეფიქსირებინა, მაგრამ ბოლო სწრაფ წრეზე ყოფნისას, გუნდმა ბოქსებში გამოიძახა. ამან მსოფლიო ჩემპიონი უკიდურესად გაანაწყენა და რადიოთი გინების კორიანტელით უპასუხა „რედ ბულის“ მართვის პანელს. ბოქსში გამოძახების მომენტში, მას საუკეთესო პირველი სექტორი ჰქონდა დაფიქსირებული.
მოგვიანებით გაირკვა მისი გამოძახების მიზეზი: გუნდმა სწორედ ბოლო წრეზე დაადგინა, რომ ფერსტაპენის მანქანაში საკმარისი საწვავი არ იყო იმისთვის, რომ ამ წრის დასრულების შემდეგ, პიტლეინზე დაბრუნებულიყო. ასე რომ მომხდარიყო, მას დისკვალიფიკაცია ელოდა. ამიტომ, „რედ ბულმა“ ნაკლები დანაკარგი ამჯობინა.
ფერსტაპენს აქვს იმის ანსი, რომ სინგაპურშივე გაინაღდოს მსოფლიო ჩემპიონის მეორე ტიტული. და თუ ამას კვირას ვერ შეძლებს, შემდეგ ამის შანსი ერთ კვირაში, იაპონიაში მიეცემა.
„კვალიფიკაციის მესამე ნაწილში არ ვიცოდით, რა გვექნა. ბოლო წუთს გადავწყვიტეთ სოფტების დაყენება. და ამან გაამართლა. ძალიან, ძალიან რთული იყო“, - განაცხადა ლეკლერმა, ვინც რბოლა მერვე ადგილზე მაღლა უნდა დაასრულოს იმისათვის, რომ ფერსტაპენმა სინგაპურშივე ვერ გაიფორმოს მეორე ტიტული.
სწრაფ ტრასებზე ჰოლანდიელს არ უჭირდა უკანა რიგებიდან წინ წაწევა, მაგრამ სინგაპურის ქალაქის ქუჩებში გამავალ ტრასაზე, გასწრება რთულია და შესაბამისად, ფერსტაპენის შანსებს ამცირებს. თუმცა ის თავის „რედ ბულთან“ ერთად, ამ სეზონში იმდენად დომინანტი ძალაა, რომ გამარჯვების შანსი მაინც ექნება.
სხვათა შორის, ფერსტაპენს პარასკევს 25 წელი შეუსრულდა და რა თქმა უნდა, სურს, რომ საკუთარ თავს, მეორე ტიტულით საიუბილეო საჩუქარი მიართვას. ამისათვის ლეკლერზე 22 ქულით მეტი უნდა აიღოს და თუ მოიგებს, პერესმა რბოლა მეოთხე ადგილზე დაბლა უნდა დაასრულოს.
სინგაპურის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
- შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1'49.412
- სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 0.022
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 0.054
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 0.171
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 0.554
- ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1.172
- პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1.799
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1.983
- კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 2.161
- იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 2.571
- ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 4.600
- ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 4.799
- მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 4.958
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 4.968
- გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 6.106
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) 6.671
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 6.814
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 6.925
- ალექსანდრ ელბონი (ტაილანდ, უილიამსი) 7.573
- ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 8.120