ნეიმარი პელეს რეკორდის კიდევ უფრო მიუახლოვდა და ალბათ, ბევრი დრო არ დასჭირდება, რომ ბრაზილიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდეს.
ტუნისთან მოგებულ ამხანაგურ მატჩში (5:1) ნეიმარმა თავის გამოჩენა შეძლო და „სელესაოში“ 75-ე გოლი გაიტანა. ის მხოლოდ 2 ბურთით ჩამორჩება ფეხბურთის მეფეს, რომლის აქტივში 77 გოლია.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ნეიმარმა 75 გოლის გატანას 121 თამაში მოანდომა, ხოლო პელემ 77 გოლი 92 თამაშში შეაგდო. ბრაზილიის ნაკრების ყველა დროის გოლეადორებში მესამე ადგილზე რონალდოა (62 გოლი), მეოთხეზე რომარიო (56), ხოლო მეხუთეზე - ზიკო (48).