ჩოგბურთი

4:23 | 28.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი წასვლაზე ჯერ არ ფიქრობს

სპორტიდან როჯერ ფედერერის წასვლის შემდეგ, ჩოგბურთში „დიდი სამეულის“ ორი წევრი - რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი დარჩა. ორივე ასაკოვანია და ბუნებრივია, იბადება კითხვა, ისინიც ხომ არ აპირებენ ჩოგნის ლურსმანზე დაკიდებას. ამაზე ჯოკოვიჩის სწრაფი პასუხია - არა!

ის ამბობს, რომ არ თვლის თავს „საკმაოდ ხნიერად“ იმისათვის, რომ წასვლაზე იფიქროს. 41 წლის ფედერერის გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო - ასაკიც რომ არა, ტრავმები მას სათანდოდ ვარჯიშის საშუალებასაც კი არ აძლევდა. ტრავმები ნდალსაც მოუხშირდა, მაგრამ ის ჯერაც ახერხებს დიდი სლემის ტიტულების მოპოვებას. ჯოკოვიჩს კი, ტრავმები ნაკლებად აწუხებს და მხოლოდ მისი აუცრელობა უქმნის პრობლემებს.

„თავს ჯერ იმდენად ხნიერად არ ვგრძნობ, რომ კარიერის დასრულებაზე ვიფიქრო. ვგრძნობ, რომ სხეული ისევ მემსახურება. ეს მნიშვნელოვანია, როდესაც 35 წელზე მეტის ხარ“, - ამბობს ჯოკოვიჩი, ვინც უიმბლდონზე დიდი სლემის 21-ე ტიტულის მოპოვების შემდეგ, კორტს ისევ ლონდონში, ლეივერის თასზე, ფედერერთან და ნადალთან ერთ გუნდში სათამაშოდ დაუბრუნდა.

„დიდ სამეულს“ ჯამში დიდი სლემის 63 ტიტული აქვს მოპოვებული. ყველაზე მეტი, 22 ტრიუმფი ნადალის ანგარიშზეა, ფედერერს კი 20 აქვს. ნადალმა ბოლო გამარჯვება საფრანგეთის ღია პირველობაზე მოიპოვა. პარიზულ ტურნირზე გამოსვლისას, ყოველი თამაშის წინ, გამაყუჩებლის გაკეთება უწევდა. ხშირი ტრავმების გამო, ბოლო დროს, წასვლაზე ისიც ფიქრობს. თუმცა დიდი სლემის ტურნირებზე გამარჯვებებს ჯერაც ახერხებს.

ჯოკოვიჩი ამბობს, რომ თავისი სათამაშო განრიგი შეამსუბუქა, რათა სხეული არ გადატვირთოს და ტრავმები აირიდოს.

„იმდენს აღარ ვთამაშობ, რამდენსაც წლების წინ. მინდა, რომ ფორმის პიკს, საუკეთესო, ყველაზე დიდი ტურნირების წინ მივაღწიო. ასეთები კი დიდი სლემის და ATP-ს ზოგიერთი ტურნირია. ვთამაშობ ჩემი ქვეყნისთვის. ეს კი მოტივაციას მიძლიერებს. ძალიან მინდა გაგრძელება. ამ მომენტისთვის, ჩემი კარიერის დასასრულს ვერ ვხედავ“, - ამბობს სერბი ჩოგბურთელი.

0.122362