ფეხბურთი

0:16 | 28.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის მონაწილეები გაირკვა

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ბოლო 4 მონაწილე პლეი-ოფის გზით გამოვლინდა და შესაბამისად, 16-ვე გუნდის ვინაობა ცნობილია, რომლებიც დამდეგ ზაფხულს ახალგაზრდულ ევროზე ითამაშებენ.

მოგეხსენებათ, ეს ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ტურნირია, რადგან რუმინეთთან ერთად მასპინძელი საქართველო იქნება.

პლეი-ოფში ხორვატიამ დანია და ისრაელმა ირლანდია პენალტების სერიაში დაამარცხა, უკრაინამ სლოვაკეთს და ჩეხეთმა ისლანდიას აჯობა, შესაბამისად, ფინალურ ეტაპზე გავიდნენ.

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე შემდეგი 16 გუნდი ითამაშებს:

საქართველო, რუმინეთი, ნიდერლანდები, იტალია, გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი, ბელგია, ნორვეგია, ესპანეთი, პორტუგალია, შვეიცარია, ხორვატია, ჩეხეთი, უკრაინა და ისრაელი.

ჯგუფური ეტაპის წილისყრა 18 ოქტომბერს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ჩატარდება.

ტურნირის განრიგი

A და B ჯგუფის მატჩები: 21, 24 და 27 ივნისი

C და D ჯგუფის მატჩები: 22, 25 და 28 ივნისი

მეოთხედფინალები: 1-2 ივლისი

ნახევარფინალები: 5 ივლისი

ფინალი: 8 ივლისი

პლეი-ოფის ბადე

მეოთხედფინალი 1: A ჯგუფის გამარჯვებული - C ჯგუფის მეორეადგილოსანი (1 ივლისი, „მიხეილ მესხი“)

მეოთხედფინალი 2: C ჯგუფის გამარჯვებული - A ჯგუფის მეორეადგილოსანი (2 ივლისი, „რამაზ შენგელია“)

მეოთხედფინალი 3: B ჯგუფის გამარჯვებული - D ჯგუფის მეორეადგილოსანი (1 ივლისი, ბუქარესტი)

მეოთხედფინალი 4: D ჯგუფის გამარჯვებული - B ჯგუფის მეორეადგილოსანი (2 ივლისი, კლუჟი)

ნახევარფინალი 1: პირველი მეოთხედფინალის გამარჯვებული - მეორე მეოთხედფინალის გამარჯვებული (5 ივლისი, ბათუმი, „აჭარაბეთ არენა“)

ნახევარფინალი 2: მესამე მეოთხედფინალის გამარჯვებული - მეოთხე მეოთხედფინალის გამარჯვებული (5 ივლისი, ბუქარესტი)

ფინალი: 8 ივლისი, ბათუმი, „აჭარაბეთ არენა“

ევროპის ჩემპიონატი 2023 წლის 21 ივნისიდან 8 ივლისამდე გაიმართება. საქართველოში ოთხი ჯგუფიდან ორი ჯგუფის მატჩები, პლეი-ოფის ნაწილი და ფინალი გაიმართება. მთლიანობაში საქართველოს სამი ქალაქი და 4 სტადიონი უმასპინძლებს ახალგაზრდულ ევროს - თბილისი („დინამო არენა“, „მიხეილ მესხი“), ბათუმი („აჭარაბეთ არენა“) და ქუთაისი („რამაზ შენგელია). ევროპის ჩემპიონატის გახსნითი მატჩი ბუქარესტში გაიმართება, სამაგიეროდ, ფინალს ბათუმი უმასპინძლებს.

ვთქვათ, რომ საქართველოში A და C ჯგუფის, ხოლო რუმინეთში B და D ჯგუფის მატჩები ჩატარდება. საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრას, თბილისში, „დინამო არენაზე“ გამართავს. ისიც აღვნიშნოთ, რომ ევრო 2023-ის საუკეთესო სამი გუნდი პარიზის 2024 წლის ოლიმპიადიაზე თამაშის უფლებასაც მოიპოვებს.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს. რამაზ სვანაძის გუნდი საკმაოდ ნაყოფიერად ემზადება უმნიშვნელოვანესი ტურნირისთვის და ბოლო 7 მატჩში არ დამარცხებულა (6 მოგება, 1 ფრე). სხვათა შორის, ასაკით მომავალ ევროპის ჩემპიონატზე თამაში ისეთ ფეხბურთელებს შეუძლიათ, რომლებიც უკვე ეროვნული ნაკრების მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენენ - ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, ირაკლი აზაროვი, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი წიტაიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი მამარდაშვილი.

ზოგადად, ევროპის ჩემპიონატზე 2000 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ფეხბურთელებს აქვთ თამაშის უფლება, ასე რომ, შეიძლება საქართველოში თანამედროვე ფეხბურთის არაერთი ვარსკვლავი ვიხილოთ.

0.125102