ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა, რის შედეგადაც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრისთვის 53 ნაკრები 7 კალათაში განაწილდა.
გუნდების განაწილებაზე დიდი გავლენა სწორედ ერთა ლიგაზე ნაჩვენებმა შედეგებმა იქონია, რის შედეგადაც საქართველოს ნაკრები მეოთხე კალათაში მოხვდა. თითოეულ კალათაში (ბოლო კალათის გარდა) 10-10 ნაკრებია და კალათაში ერთად მყოფი გუნდები ჯგუფში ერთად ბუნებრივია ვერ მოხვდებიან. საკვალიფიკაციო ეტაპის ფორმატსა და ნიუანსებზე დეტალურად ქვემოთ, მანამდე კი კალათები ასე დაკომპლექტდა:
ერთა ლიგის კალათა: ხორვატია, ნიდერლანდები, იტალია, ესპანეთი
I კალათა: ბელგია, დანია, პოლონეთი, უნგრეთი, პორტუგალია, შვეიცარია
II კალათა: ავსტრია, ბოსნია, ინგლისი, საფრანგეთი, ისრაელი, უელსი, ჩეხეთი, სერბეთი, შოტლანდია, ფინეთი
III კალათა: ალბანეთი, სომხეთი, ისლანდია, მონტენეგრო, ირლანდია, რუმინეთი, სლოვენია, შვედეთი, უკრაინა, ნორვეგია
IV კალათა: აზერბაიჯანი, ბულგარეთი, ფარერები, საქართველო, საბერძნეთი, ყაზახეთი, ლუქსემბურგი, თურქეთი, ჩრდ. მაკედონია, კოსოვო
V კალათა: ბელარუსი, ესტონეთი, გიბრალტარი, ლატვია, ლიეტუვა, მალტა, მოლდოვა, კვიპროსი, სლოვაკეთი, ჩრდ. ირლანდია
VI კალათა: ანდორა, ლიხტენშტეინი, სან მარინო
საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობას 53 ნაკრები მიიღებს. გამონაკლისია გერმანია, რომელიც ევრო 2024-ის მასპინძელია და ბუნებრივია შესარჩევ ციკლში არ ითამაშებს, ხოლო რუსეთი უეფამ არ დაუშვა საკვალიფიკაციო ტურნირში.
ხსენებული 53 ნაკრები 10 ქვეჯგუფში განაწილდება, საიდანაც 7 ჯგუფი (A, B, C, D, E, F, G) 5-გუნდიანი, ხოლო 3 ჯგუფი (H, I, J) 6-გუნდიანი იქნება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თითოეული ჯგუფის პირველ-მეორეადგილოსნები ავტომატურად გავლენ. ჯგუფში სხვა პოზიციები არანაირი შანსის მომტანი არ იქნება (არც პლეი-ოფის). აღსანიშნავია, რომ წილისყრისას ერთა ლიგის კალათაში განთესილი ოთხი გუნდი აუცილებლად A, B, C და D ჯგუფებში განაწილდებიან, ხოლო პირველი კალათის წევრები E, F, G, H, I და J ჯგუფებში.
საკვალიფიკაციო ეტაპიდან ევროპის ჩემპიონატის საგზურს 20 ნაკრები მოიპოვებს (10 ჯგუფის 2-2 საუკეთესო გუნდი, სულ 20), რომელსაც მასპინძელი გერმანია შეუერთდება. დარჩება კიდევ სამი თავისუფალი საგზური, რომელიც 2024 წლის მარტში ერთა ლიგის პლეი-ოფში გათამაშდება (A, B და C ლიგიდან თითო-თითო).
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის განრიგი ცხადია უკვე ცნობილია. ის 2023 წლის მარტში დაიწყება და იმავე წლის ნოემბერში დასრულდება. ერთა ლიგის პლეი-ოფი კი როგორც ვთქვით, 2024 წლის მარტში შედგება.
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის განრიგი
I ტური, 23-25 მარტი, 2023 წელი
II ტური, 26-28 მარტი, 2023
III ტური, 16-17 ივნისი, 2023
IV ტური, 19-20 ივნისი, 2023
V ტური, 7-9 სექტემბერი, 2023
VI ტური, 10-12 სექტემბერი, 2023
VII ტური, 12-14 ოქტომბერი, 2023
VIII ტური, 15-17 ოქტომბერი, 2023
IX ტური, 16-18 ნოემბერი, 2023
X ტური, 19-21 ნოემბერი, 2023
ერთა ლიგის პლეი-ოფი
ნახევარფინალები: 21 მარტი, 2024
ფინალები: 26 მარტი, 2024
ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი: 14 ივნისი-14 ივლისი, 2024 წელი
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 9 ოქტომბერს, თბილისის დროით 14:00 საათზე (ფრანკფურტში) გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი კი 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიის 10 ქალაქში (ბერლინი, მიუნხენი, დორტმუნდი, გელზენკირხენი, ფრანკფურტი, შტუტგარტი, ჰამბურგი, დიუსელდორფი, კიოლნი, ლაიფციგი) ჩატარდება.