ფეხბურთი

2:16 | 26.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კვეკვესკირი: "წინა ერთა ლიგის ტკივილი დარჩენილი გვაქვს და ეს ჩვენთვის მოტივაციაა"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ნიკა კვეკვესკირმა გიბრალტართან მატჩის წინ ისაუბრა. როგორც გამოცდილმა ნახევარმცველმა აღნიშნა, ძალიან მოტივირებული არიან და მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისთვის გავლენ.

„ამ ნაკრებს არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ პასუხისმგებლობა ყოველთვის ბოლომდე გვაქვს გათავისებული. გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ხვალინდელი გამარჯვება და ბურთების შეფარდება. სწორედ ეს არის მთავარი მოტივაცია, რათა სასურველი პოზიცია დავიკავოთ ოთხი ჯგუფის გამარჯვებულებს შორის. ეროვნულ ნაკრებში თამაში ჩემი ოცნება იყო. სანაკრებო დებიუტი სწორედ გიბრალტართან მქონდა და ეს განსაკუთრებული მომენტი იყო ჩემთვის. 4:0 მოვიგეთ, ორი საგოლე გადაცემა შევასრულე და ეს დღე არასდროს დამავიწყდება. 10-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია გვაქვს. სასიამოვნოა, როდესაც იმ გუნდის ნაწილი ხარ, რომელიც რეკორდებს ამყარებს. ამაზე ფეხბურთელებმაც ვისაუბრეთ და ახალი რეკორდი იმის დასტური იქნება, რომ ეროვნულ ნაკრებში ყველა სწორად აკეთებს საკუთარ საქმეს.

ერთა ლიგის პირველმა გათამაშებამ ბევრი დადებითი მომენტი გვაჩუქა, რომელიც, სამწუხაროდ, არ დაგვირგვინდა ეროვნული ზეიმით. ეგ ტკივილი გვაქვს დარჩენილი და ძალიან დიდი მოტივაცია და სურვილია ამ გუნდში, რომ ყველაფერი გამოვასწოროთ და ეს ერთა ლიგა წარმატებით დავასრულოთ.

გურამ კაშიაზე სასაუბროდ მთელი დღე არ მეყოფა. ყველანაირ დადებით სიტყვას იმსახურებს აღმატებულ ხარისხში. სიტყვა პროფესიონალზე, პირველი, სწორედ ის მახსენდება. ამაყი ვარ, რომ შემიძლია ჩემ თავს მისი მეგობარი ვუწოდო. თუ ვინმე იმსახურებს ეროვნულ ნაკრებში თამაშს და ერქვას ნაკრების ფეხბურთელი, ეს გურამ კაშიაა თავისი სიყვარულით, ვნებით ფეხბურთის და პროფესიის მიმართ. დარწმუნებული ვარ, კიდევ არაერთ თამაშს ითამაშებს ჩვენთან ერთად და დაგვეხმარება, რომ გავიზარდოთ, როგორც პროფესიონალები და როგორც ადამიანები. არა მარტო ახალგაზრდები, არამედ მეც ამ ასაკში ძალიან ბევრს ვსწავლობ მისგან როგორც სტადიონზე, ისე მის ფარგლებს გარეთ“, - თქვა კვეკვესკირმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე ჯგუფს 13 ქულით ლიდერობს და პირველი ადგილი განაღდებული აქვს, თუმცა გამარჯვება მაინც მნიშვნელოვანია, დივიზიონში საუკეთესო შედეგის საჩვენებლად. გარდა იმისა, რომ ვილი სანიოლის გუნდმა ევრო 2024-ის პლეი-ოფის საგზური მოიპოვა, ერთა ლიგის მომდევნო სეზონში B დივიზიონში ითამაშებს.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრებს 10 მატჩია არ წაუგია (8 მოგება, 2 ფრე) და თუ გიბრალტართან არ დამარცხდება, ეს ჩვენი ნაკრების ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დაუმარცხებელი სერია იქნება.

0.123463