ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს სამთო თხილამურობაში, ნორვეგიელ აკსელ ლუნდ სვინდალს, სათესლე ჯირკვლის კიბო აღმოაჩნდა. ამის შესახებ, სახელოვანმა ათლეტმა, ვინც აქტიური სპორტსმენის კარიერა 2019 წელს დაასრულა, თავად გამოაცხადა.
„ბოლო რამდენიმე კვირა ჩემთვის განსხვავებული იყო. ბოლო რამდენიმე კვირა და არა თვეები, რადგან საუკეთესო სამედიცინო დახმსრების, იღბლის და სწორი გადაწყვეტილების წყალობით, მკურნალობისთვის მოკლე დრო დამჭირდა“, - წერს ინსტაგრამზე სვინდალი.
ის დასძენს, რომ კიბოს დიაგნოზი ადრეულ სტადიაზე დაუსვეს, რისი წყალობითაც, პროგნოზი ძალიან კარგია.
39 წლის სვინდალმა პირველი ოლიმპიური ოქრო ვანკუვერის (კანადა) 2010 წლის თამაშებზე, სუპერ გიგანტში მოიპოვა, პიონჩანის (სამხრეთ კორეა) 2018 წლის ოლიმპიადაზე კი დაშვებაში გაიმარჯვა. ხუთჯერ იყო მსოფლიოს ჩემპიონი (ორ-ორჯერ დაშვებასა და კომბინაციაში, ერთხელ კი გიგანტურ სლალომში). გარდა ამისა, მოგებული აქვს მსოფლიო თასის 36 რბოლა. მათგან 17 სუპერ გიგანტში, 14 დაშვებაში, 4 გიგანტურ სლალომში და 1 კომბინაციაში. მოპოვებული აქვს 9 მცირე ბროლის გლობუსი (2 დაშვებაში, 5 სუპერ გიგანტში, 1 გიგანტურ სლალომში და 1 კომბინაციაში).