ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრების ლიდერია და ეს სიახლე ნამდვილად არაა, ასეა პრაქტიკულად მისი პირველი სანაკრებო მატჩებიდან, უფრო კონკრეტულად 2020 წლიდან.
კვარას ეროვნულ გუნდში უბრალოდ შესაშური სტატისტიკა აქვს: 18 მატჩში 9 გოლი გაიტანა, რაც საოცარი შედეგია. ამას თუ დავუმატებთ, რომ სამჯერ პენალტი მოიპოვა, ექვსჯერ კი საგოლე პასი გააკეთა, კიდევ უფრო შთამბეჭდავ შედეგს მივიღებთ.
9 გოლით 21 წლის ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების ყველა დროის ბომბარდირთა ათეულში უკვე შევიდა და მეცხრე-მეათე ადგილებს მიხეილ ყაველაშვილთან ერთად იყოფს, რომელმაც 9 გოლი 46 მატჩში გაიტანა. ხვიჩამ ჩრდილოეთ მაკედონიასთან გოლით დავით სირაძე (8 გოლი 28 თამაშში) და გიორგი ქინქლაძე (8 გოლი 54 თამაშში) უკან მოიტოვა.
გარდა ამისა, ხვიჩას ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 5 მატჩში 4 გოლი, 3 საგოლე პასი და 1 მოპოვებული პენალტი აქვს მითვლილი (393 წუთში). ეს C დივიზიონში საუკეთესო მაჩვენებელია, ხოლო მთლიანად ერთა ლიგის მასშტაბით, მხოლოდ ერლინგ ჰოლანდს ჩამორჩება, რომლის აქტივში 5 გოლია.
თუ ერთა ლიგის წინა გათამაშებასაც მივიღებთ მხედველობაში, კვარაცხელიას სტატისტიკა კიდევ უფრო შთამბეჭდავია: მას ერთა ლიგაზე (წინა და ამ სეზონში) ჯამში 8 მატჩი აქვს ჩატარებული და 10 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა (5 გოლი და 5 საგოლე პასი)!