სხვა

0:55 | 24.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვან ფლოიტენი მსოფლიო ჩემპიონატის რბოლაში დაშავებული იდაყვით იასპარეზებს

ჰოლანდიელი ველომრბოლი ანემიკ ვან ფლოიტენი, იდაყვის ტრავმის მიუხედავად, მსოფლიო ჩემპიონატის საგზაო რბოლაში მონაწილეობას მიიღებს. მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს იდაყვი მაშინ დაუზიანდა, როდესაც შერეულ გუნდურ ესტაფეტაში მონაწილეობდა.

ჰოლანდიელ ქალთა სამეული ტრასაზე ახალი გასული იყო, როდესაც ვან ფლოიტენის ველოსიპედზე წინა ბორბალი დაზიანდა. ამას მოჰყვა დაცემა. ველომრბოლი ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მარჯვენა იდაყვის მოტეხილობა დაუდგინდა.

ასეთი ტრავმის მიუხედავად, ვან ფლოიტენმა გუნდის ვარჯიშში მონაწილეობა მიიღო. პარასკევს კი დამატებითი სამედიცინო შემოწმება გაიარა, რის შემდეგაც გადაწდა, რომ შაბათის რბოლაშიც იასპარეზებს.

„კარგი ამბავი გვაქვს ვოლონგონგიდან: ანემიკ ვან ფლოიტენი მსოფლიო ჩემპიონატის საგზაო რბოლაში გამოსვლას შეძლებს. დღეს ჩატარებულ საბოლოო ტესტზე გამოჩნდა, რომ ტრავმა სწრაფად შუშდება, რაც რბოლაში მონაწილეობის საშუალებას იძლევა“, - ნათქვამია ჰოლანდიის ველოსპორტის ფედერაციის განცხადებაში.

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ვან ფლოიტენმა, ამ სეზონში ქალთა ტურ დე ფრანსი, ჯირო დ’იტალია და ვუელტა მოიგო. და ვოლონგონგის (ავსტრალია) მსოფლიო ჩემპიონატზეც მთავარი ფავორიტია. მაგრამ ტრავმირებული იდაყვით, მისი შანსები მცირდება. მასთან ერთად, ჰოლანდიელთა გუნდში ასპარეზობენ მარიანე ფოსი, დემი ფოლერინგი და ელენ ვან დაიკი.

შარშანდლამდე ჰოლანდიელები ზედიზედ ოთხ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს არავის უთმობდნენ. მაგრამ შარშან მათი ჰეგემონია იტალიელმა ელისა ბალსამომ დაამხო...

0.11781