ფეხბურთი

23:57 | 23.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ზივზივაძე: "განვიცდი იმ მომენტს, მაგრამ მთავარი გუნდი და გამარჯვებაა"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამარჯვების (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გულდაწყვეტილია თამაშის უგოლოდ დასრულების გამო, მაგრამ მთავარი გუნდის წარმატებაა.

„ახლაც განვიცდი გამოუყენებელ მომენტს. ბოლოში ძალა არ მეყო. უკანასკნელი თამაშები კლუბში 90 წუთი არ მითამაშია და ალბათ ამის ფაქტორიც იყო, რადგან ცოტა დავიღალე, თუმცა ამაზე ვიმუშავებ. ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, რომ თამაში უგოლოდ დავასრულე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა გაიმარჯვა და ჩემთვის ესაა მთავარი.

კვარაზე პასი? როცა მსგავსი მომენტი მექნება და თანაგუნდელი უკეთეს პოზიციაში იქნება, აუცილებლად პასს გავაკეთებ“, - თქვა ზივზივაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ამ გამარჯვებით ხუთ ტურში 13 ქულა დააგროვა და ჯგუფში პირველი ადგილი ოფიციალურად გაინაღდა, რაც ნიშნავს: ერთა ლიგის მომდევნო სეზონში საქართველო B დივიზიონში ითამაშებს, გარდა ამისა, ევრო 2024-ის პლეი-ოფში ოფიციალურად გავიდა, რომელიც 2024 წლის მარტში გაიმართება.

და, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი: საქართველოს ნაკრებისთვის ეს იყო ზედიზედ მეათე წაუგებელი მატჩი, რითაც 2010-2011 წლებში თემურ ქეცბაიას გუნდის დამყარებული რეკორდი გაიმეორა. თუ სანიოლის გუნდი გიბრალტართან არ წააგებს, რეკორდს ხელში მარტო ჩაიგდებს. საქართველოს წაუგებელი სერია გასული წლის ოქტომბრიდან დაიწყო და 10 მატჩიდან ქართველებმა 8 მოიგეს (კოსოვოსთან 2:1, შვედეთთან 2:0, უზბეკეთთან 1:0, ბოსნიასთან 1:0, გიბრალტართან 4:0, ბულგარეთთან 5:2, ჩრდილოეთ მაკედონიასთან 3:0 და 2:0), 2-ჯერ ფრეს დასჯერდნენ (ალბანეთსა და ბულგარეთთან 0:0).

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 26 სექტემბერს, სტუმრად, გიბრალტარის ნაკრებთან ჩაატარებს და ერთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპს დაასრულებს.

0.120041