ავტოსპორტი

22:46 | 23.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ულიამსი“ ლატიფის ამ სეზონის ბოლოს დაშორდება

ფორმულა ერთის გუნდმა „უილიამსმა“ გამოაცხადა, რომ ამ სეზონის ბოლოს, თავის კანადელ პილოტ ნიკოლას ლატიფის კონტრაქტს აღარ გაუგრძელებს. ლატიფის ბრიტანულ გუნდთან კონტრაქტი სწორედ მიმდინარე სეზონის ბოლოს დაუმთავრდება.

ლატიფი ფორმულა 1-ის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდში მესამე სეზონს ატარებს. მიმდინარე სეზონის განვლილ 16 ეტაპზე მას ჯერ ქულაც არ აუღია. სულ კი სამ სეზონში (55 რბოლაში) მხოლოდ 7 ქულა აქვს მოპოვებული.

„უილიამსმა“ ახლახანს გამოაცხადა, რომ მომავალ სეზონში დაიტოვებს ტაილანდელ ალექს ელბონს, ვინც აპენდიციტის პრობლემის გამო, წინა რბოლა გააცდინა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვე ერთად იმ მიზნებს ვერ მივაღწიეთ, რომლებიც დასახული გვქონდა, მაინც ფანტასტიური მოგზაურობა გვქონდა. შარშან უნგრეთში პირველი ქულების მოპოვება იყო მომენტი, რომელსაც ვერასდროს დავივიწყებ“, - განაცხადა ლატიფიმ და გუნდს მადლობა გადაუხადა.

„უილიამსის“ ბოსმა ჯოსტ კაპიტომ ლატიფი მოიხსენია „დიდ გუნდურ მოთამაშედ“, ვისაც ყველა აფასებს და პატივს სცემს.

სხვათა შორის, ლატიფია ის პილოტი, ვისაც გასული სეზონის ბოლო რბოლის (აბუ დაბი) მიწურულს, ინციდნტი შეემთხვა, რამაც ყველაფერი თავდაყირა დააყენა და მაქს ფერსტაპენს პირველი ტიტულის მოპოვების შანსი მისცა. ამის შემდეგ მას მოკვლით დაემუქრნენ, რის გამოც, დაცვის აყვანაც კი დასჭირდა.

ამგვარად, ფორმულა 1-ში ახალი ვაკანსია გაჩნდა, რომლის შევსების ყველაზე რეალური შანსი ჰოლანდიელ ნიკ დე ფრისს აქვს. ფორმულა 2-ის ყოფილმა და ფორმულა E-ს მოქმედმა ჩემპიონმა, ახლახანს მონცას რბოლაში ელბონი შეცვალა და ორი ქულა მოიპოვა.

დე ფრისი მოთხოვნადი პილოტია. მისით „ალპინი“ და „რედ ბული“ არიან დაინტერესებული. ჰოლანდიელმა ფრანგული გუნდის შემდგენლობაში, უნგრეთის დიდი პრიზის თავისუფალ პრაქტიკებზე იასპარეზა. „ალპინის“ მთავარი მიზანი, „ალფატაურიდან“ ფრანგი პიერ გასლის გადაბირებაა. თუ ეს ვერ მოახერხა, მაშინ დე ფრისზე უკეთესს ვერ ნახავს.

თავის მხრივ, „ალფატაური“ (უფრო სწორედ რედ ბული) გასლის იმ შემთხვევაში მისცემს წასვლის საშუალებას, თუ მისი ძლიერი პილოტით შეცვლის საშუალება ექნება. დე ფრისი ამ კრიტერიუმს სრულად აკმაყოფილებს.

„უილიამსში“ გაჩენილ ვაკანსიაზე კი სხვა კანდიდატებად, ავსტრალიელი დანიელ რიკარდო და ფორმულა 2-ის ამერიკელი პილოტი, 21 წლის ლოგან სერჯენტი განიხილებიან. სერჯენტი „უილიამსის“ ახალგაზრდა პილოტების აკადემიის წევრია და ის სინგაპურის დიდი პრიზის თავისუფალ პრაქტიკებზე, ამავე გუნდის მანქანით გამოვა ტრასაზე.

0.121224