ნაომი ოსაკა პან პასიფიკის ღიაზე შარშან მოპოვებული ტიტულის დაცვას ვერ შეძლებს. მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი მეორე წრეში ბრაზილიელ ბეატრის ჰადად მაიას უნდა შეხვედროდა, მაგრამ მუცლის ტკივილმა ამის საშუალება არ მისცა.
„ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს თამაშს ვერ შევძლებ. ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია იაპონიაში, ასეთი საოცარი ფანების წინაშე თამაში. ეს ჩემთვის ყოველთვის იყო და იქნება განსაკუთრებული ტურნირი და დღეს თამაში ძალიან მინდოდა, მაგრამ ჩემმა სხეულმა ამის საშუალება არ მომცა“, - განაცხადა ოსაკამ, ვინც ტოკიოს ტურნირის ჩემპიონი 2019 წელს გახდა, რის შემდეგაც, ის პანდემიის გამო აღარც გამართულა.
24 წლის ოსაკამ აქილევსის მყესის ტრავმის გამო, უიმბლდონი და ბალახის კორტების სეზონი გამოტოვა. ტორონტოს ტურნირზე გამოსვლა კი წელის ტკივილის გამო შეწყვიტა.
ამგვარად, ჰადად მაიამ უბრძოლველად მოიპოვა მეოთხედფინალში თამაშის უფლება, სადაც მისი მეტოქე, ან მეოთხე ნომრად განთესილი რუსი ვერონიკა კუდერმეტოვა, ან მექსიკელი კვალიფიკაცია-გავლილი ფერნანდა კონტრერას გომესი იქნება.