ჩოგბურთი

3:57 | 22.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

მარგარეტ კორტის თქმით, სერენა უილიამსი „გაცილებით იოლ ეპოქაში“ თამაშობდა

ჩოგბურთის ავსტრალიელი ლეგენდა მარგარეტ კორტი ამბობს, რომ მის დროს, მიუხედავად იმისა, რომ ჩოგბურთი სამოყვარულო სპორტი იყო, გამარჯვებები გაცილებით რთული მოსაპოვებელი იყო, ვიდრე სერენა უილიამსის ეპოქაში.

კორტს დიდი სლემის 24 ტიტული აქვს მოპოვებული, სერენას კი - ერთით ნაკლები. მაგრამ საყოველთაო აღიარებით, ამერიკელი ყველა დროის საუკეთესო ქალი ჩოგბურთელია.

„სიამოვნებით ვითამაშებდი ამ ეპოქაში. ვფიქრობ, ეს გაცილებით იოლი იქნებოდა. ძალიან მინდოდა, რომ ჩემთან ერთად, ჩემი ოჯახის წევრებს და მეგობრებსაც ემოგზაურათ. მაგრამ ასე არ ხდებოდა. მე მარტო, ან გუნდთან ერთად დავდიოდი. ხალხისთვის ეს შეუმჩნეველია“, - ყვება კორტი და დასძენს:

„ჩვენ თან ვერ დაგვყავდა ფსიქოლოგები და მწვრთნელები. ახლა კი სულ სხვა სამყაროა. სწორედ ეს მაკლდა ყველაზე მეტად. და გული მწყდება, რომ ახლანდელი მოთამაშეები, ჩვენი სპორტის წარსულს პატივს არ სცემენ“.

40 წლის სერენას (41 წელი 26 სექტემბერს უსრულდება) კონკრეტულად არ უთქვამს, რომ სპორტიდან მიდის. თუმცა აღიარა, რომ მეორე შვილის გაჩენა სურს. სხვათა შორის, თავისი ბოლო, 23-ე დიდი სლემის ტიტული მაშინ მოიპოვა, როდსაც ფეხმძიმედ იყო. ეს 2017 წელს, ავსტრალიის დიდ პრიზზე მოხდა.

კორტი ამბობს, რომ მან თავისი ტიტულები გაცილებით მოკლე პერიოდში მოიპოვა, ვიდრე სერენამ. თანც ამ დროს ორი შვილიც შეეძინა.

„სერენამ ჩემზე შვიდი წლით მეტხანს ითამაშა. მე რომ კარიერა დავამთავრე, 30 წელს ოდნავ გადაცილებული ვიყავი. ხალხს ალბათ დაავიწყდა, რომ ორი წელი გამიცდა. პირველად მაშინ წავედი, როდესაც 25 წლის ვიყავი. მაშინ ვფიქრობდი, რომ ჩოგბურთს აღარ დავუბრუნდებოდი. გავთხოვდი, შვილი გავაჩინე. ამის შემდეგ კი ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი ჩავატარე. 25-დან 24 ტურნირი მოვიგე“, - ყვება 80 წლის კორტი და დასძენს:

„მეორე შვილის შემდეგაც დავბრუნდი. პირველის შემდეგ, ოთხიდან დიდი სლემის სამი ტურნირი მოვიგე. სერენას კი შვილის გაჩენის შემდეგ, სლემის ტურნირი აღარ მოუგია“.

კორტმა დიდი სლემის ტიტულები 1960 და 1973 წლებს შორის მოიგო. მაშინ ავსტრალიაში ნაკლები ჩოგბურთელი ჩადიოდა. როდესაც კორტმა საშინაო დიდი სლემი პირველად მოიგო, მაშინ ტურნირში მხოლოდ ორი უცხოელი ჩოგბურთელი მონაწილეობდა. მაგრამ ის ამბობს, რომ ამის მიუხედავად, ავსტრალიის ღიაზე თავისი 11 ტიტული, იოლად არ მოუპოვებია.

კორტი თავს იმით იმართლებს, რომ ავსტრალიას ტოპ ათეულში ხუთი ჩოგბურთელი ჰყავდა და ავსტრალიელები დიდი სლემის სხვა ტურნირებშიც იმარჯვებდნენ. თუმცა დიდი სლემის 12 ტიტულის მფლობელს, ამერიკელ ბილი ჯინ კინგს არაერთხელ უთქვამს, რომ კორტის კარიერის ადრეულ პერიოდში, ავსტრალიაში ბევრი მოთამაშე არ ჩადიოდა.

მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, კორტი აღიარებს, რომ სიამოვნებით უცქერდა სერენას თამაშს: „სერენა, მე მას ვაფასებ, როგორც მოთამაშეს. მაგრამ ვფიქრობ, ის არასდროს მაღიარებს მე“.

0.112491