სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

0:10 | 22.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

კვეკვესკირი: "სიმბოლურია, რომ პირველი ადგილის დაკავება ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩით შეგვიძლია"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ნიკა კვეკვესკირმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, სიმბოლურია, რომ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება სწორედ ჩრდილოეთ მაკედონიასთან საშინაო შეხვედრაში შეუძლიათ.

„სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, გვაქვს კონკრეტული მიზანი - ჯგუფის პირველ ადგილზე დასრულება და სიმბოლურიც არის, რომ ეს ჩრდილოეთ მაკედონიასთან, თბილისში უნდა მოხდეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აქ, ჩვენი გულშემატკივრის წინაშე შევასრულოთ დასახული ამოცანა. ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრა, პირველ რიგში, გულშემატკივრებისთვის არის განსაკუთრებული, რადგან ისინი ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფინალურ მატჩზე არ იმყოფებოდნენ და მიხარია, რომ სავსე სტადიონის წინაშე ვითამაშებთ“, - თქვა კვეკვესკირმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ 10 ქულით ლიდერია და ერთადერთ კონკურენტ ჩრდილოეთ მაკედონიას 3 ქულით უსწრებს, თანაც მის წინააღმდეგ სტუმრად 3:0 აქვს მოგებული. ვილი სანიოლის გუნდი 23 სექტემბერს, სწორედ ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს (20:00 საათი), ხოლო 26 სექტემბერს, ბოლო ტურში სტუმრად გიბრალტარს (22:45 საათი) დაუპირისპირდება. აქვე ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრებს 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (7 მოგება, 2 ფრე). საქართველოს ნაკრებს ჯგუფში პირველობისთვის ჩრდილოეთ მაკედონიასთან ქულაც ეყოფა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.061861