იტალიური „ნაპოლი“ ალექს მერეტს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს. ამის შესახებ ნეაპოლური მედია წერს.
მერეტი „ნაპოლისთან“ ხელშეკრულებას 2026 წლამდე განაახლებს და მისი ხელფასი სეზონში 2 მილიონ ევროზე ოდნავ მეტი იქნება.
აღსანიშნავია, რომ იტალიელი მეკარე ძალიან ახლოს იყო გასულ ზაფხულს კლუბის დატოვებასთან, რადგან „ნაპოლი“ კეილორ ნავასის და კეპა არისაბალაგას ტრანსფერებზე აქტიურად მუშაობდა (ერთ-ერთის დამატება სურდათ), მაგრამ საბოლოოდ, მიზანს ვერ მიაღწიეს და ალექსს გუნდში დარჩენა მოუწია.
მერეტმა ეს შანსი გამოიყენა და მიმდინარე სეზონში შესანიშნავად თამაშობს. 25 წლის მეკარე „ნაპოლის“ ღირსებას 2018 წლიდან ირჯება და 101 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მანამდე ის „უდინეზესა“ და „სპალის“ წევრი იყო.