ესპანეთის ნაკრები კალათბურთში ევროპის ჩემპიონი მეოთხედ გახდა. სერჯო სკარიოლოს გუნდი ევრობასკეტის წინ მთავარ ფავორიტებში ნამდვილად არ შედიოდა, მაგრამ თამაშიდან თამაშამდე მოუმატა და დამსახურებული ჩემპიონობა მოიპოვა.
ბერლინში გამართულ ფინალში ესპანელებმა საფრანგეთის ნაკრებს პრაქტიკულად შანსი არ მისცეს და 88:76 დაამარცხეს. პირინელებმა თამაში ძალიან კარგად დაიწყეს და პირველივე პერიოდში 9-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, რომელიც ხელიდან აღარ გაუშვიათ. ვინსენ კოლეს გუნდი ცდილობდა, მაგრამ მეოთხე პერიოდში გატყდა და თამაშის გადასარჩენად რეალურად ვეღარც იბრძოლა.
ესპანეთის ნაკრებში ფანტასტიკურად ითამაშა ხუანჩო ერნანგომესმა, რომელმაც 27 ქულა ჩააგდო, 14 ქულა დააგროვა ვილი ერნანგომესმა და ლორენცო ბრაუნმა, ხოლო ხაიმე ფერნანდესის აქტივში 13 ქულაა. საფრანგეთის ნაკრებს ევან ფურნიემ 23 ქულით ულიდერა, ტომას უერტელმა 16 ქულა ჩააგდო, მაგრამ სხვა მოთამაშეებმა მათ მხარი ვერ აუბეს, მაგალითად, რუდი გობერს მხოლოდ 6 ქულა ჰქონდა.
ამრიგად ევრობასკეტ 2022 ესპანეთის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. ვერცხლის მედალი საფრანგეთს, ხოლო ბრინჯაო გერმანიას ერგო.
ესპანეთი - საფრანგეთი 88:76 (23:14, 24:23, 19:20, 22:19)