„ვალენსიას“ ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის თამაში ვიგოს „სელტას“ წინააღმდეგ (3:0) ესპანურმა მედიამ დადებითად შეაფასა.
გიორგის სხვადასხვა გამოცემებმა მაღალი ქულა დაუწერეს და მას ვარსკვლავური მეკარე უწოდეს:
„ბევრი სამუშაო არ ჰქონდა, მაგრამ როგორც ყოველთვის სეივები ამჯერადაც შეასრულა. ქართველმა ლარსენის უძლიერესი თავური დარტყმის დროს გუნდი გადაარჩინა მაშინ, როცა „მესტალიას“ პუბლიკას ხელები თავში წასაშენად უკვე აწეული ჰქონდა, მაგრამ მეკარის დაუჯერებელი სეივის წყალობით მაინც წაიშინეს“, - წერს As-ი, რომელმაც გიორგის 8 ქულა დაუწერა.
„კარგი სეივი ასპასის დარტყმაზე. ფეხით თამაშსა და ზოგადად ამ სისტემაში უნდა გააუმჯობესოს, რადგან პერიოდულად დაბნეულობას ქმნის, მაგრამ მაღალი და დაბალი ბურთების დროს კარის ხაზზე ვარსკვლავური მეკარეა. მეორე ტაიმში გუნდი ანგარიშის გათანაბრებისგან იხსნა“, - წერს Eldesmarque, რომლისგანაც მან ასევე 8 ქულა დაიმსახურა.
21 წლის ქართველს 7 ქულა დაუწერა Superdeporte-მ: „ქართველი მეკარე უდავოდ ჩემპიონატის საუკეთესოებს შორისაა. მისი დიდებული სეივი ლარსენის წინააღმდეგ გამარჯვების გასაღები იყო. საჰაერო ბურთებზეც დამაჯერებლად ითამაშა“.
შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 6 მატჩში კარი მშრალად ორჯერ შეინახა და 5 გოლი გაუშვა. „ვალენსია“ მომდევნო ტურში 2 ოქტომბერს, სტუმრად ბარსელონას „ესპანიოლს“ დაუპირისპირდება.