სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში მირიან მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
92 კგ წონით კატეგორიაში მაისურაძემ იაპონელი სოჰსუკე ტაკატანი 2:1 და ყაზახი ადილეტ დავლუმბაიევი 12:2 დაამარცხა, რის შედეგადაც ნახევარფინალში გავიდა, სადაც ირანელ კამრან გასემპურთან 0:5 წააგო, დღეს კი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ბულგარელ აჰმედ ბატაევთან უდრამატულეს ბრძოლაში 12:10 იმარჯვა.
მაისურაძემ პირველი პერიოდი იოლად მოიგო (10:2), მაგრამ პერიოდში ბულგარელი უკეთესი იყო და ანგარიში გაათანაბრა შეხვედრის დასრულებამდე 9 წამით ადრე (10:10). ამ შედეგით ბატაევი იგებდა, მაგრამ მაისურაძემ მოახერხა და ზედ ბოლო წამზე მეტოქე ხალიჩიდან გაიყვანა, რითაც ძალზე მძიმე ბრძოლაში მედლის მოპოვება მაინც შეძლო.
საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროსა და ვერცხლის მოპოვების შანსი დაკარგული აქვს, მონაგარი კი 3 ბრინჯაოს მედალია. მაისურაძემდე ბრინჯაოს მოპოვება ზურაბ იაკობიშვილმა (70 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) მოახერხეს, ხოლო ბოლო საშეჯიბრო დღეს გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ხალიჩაზე ასევე ბრინჯაოს მედლისთვის გავა.