საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რომლებიც გენო პეტრიაშვილისა და ზურაბ იაკობიშვილის აქტივშია.
125 კგ წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილმა ინდოელი დინეშ დინეში (4:0) და ამერიკელი ნიკოლას ზილმერი 9:4 დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში მონღოლ ლხაგვაგერელ მუნხტურთან 2:4 წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის ყაზახ ოლეგ ბოლტინს გაეჯიბრა, რომელსაც 11:4 მოუგო და მედალს დაეუფლა.
ასევე ბრინჯაოთი მოუწია დაკმაყოფილება კიდევ ერთ მსოფლიოს ჩემპიონ ზურაბ იაკობიშვილს, რომელმაც 70 კგ წონით კატეგორიაში მონღოლი ტემუულენ ენხტუია 2:1 და თურქი სერვეტ ჩოსკუნი 2:0 დაამარცხა, თუმცა ნახევარფინალში ამერიკელ ზაინ ალენ რეტერფორდთან ვერაფერი გააწყო (0:7), ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის სომეხ არმან ანდრეასიანს აჯობა.
ამრიგად, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ დროისთვის ორი ბრინჯაოს მედალია. შაბათს, ასევე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს მირიან მაისურაძე, გარდა ამისა, ასპარეზობაში თეიმურაზ ვანიშვილი, ბექა ლომთაძე და გივი მაჭარაშვილი ჩაერთვებიან.