„პორშემ“ იტალიის დიდი პრიზის დღეებში ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფორმულა 1-ში „რედ ბულთან“ პარტნიორობით არ დაბრუნდება. ამასთან, სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა განაცხადა, რომ ფ1-ში დაბრუნება დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. უბრალოდ, ამისთვის სხვა გზას აირჩევს.
„პორშეს“ სურდა, რომ „რედ ბულისთვის“ ძრავების მიწოდების გარდა, გუნდის სრულუფლებიან თანამფლობელიც (50:50-ზე პროპორციით) გამხდარიყო. სწორედ ეს პირობა არ მოეწონათ ხარებს, რომლებიც ამჟამად ძრავებს „ჰონდას“ ტექნოლოგიებით, იაპონური კომპანიის მიერ გადაცემულ ტექნიკურ ცენტრში, მათივე დახმარებით აწარმოებენ.
როგორც ცნობილია, 2026 წლიდან ფორმულა 1-ში ძრავების ახალი რეგლამენტი ამოქმედდება და სწორედ მაშინ ჩაერთვებიან მსოფლიო ჩემპიონატში „პორშე“ და „აუდი“. ორივე კომპანია „ფოლკსვაგენის“ ჯგუფში შედის.
„აუდიმ“ ახლახანს გამოაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატში 2026 წელს ჩაერთვება. არაოფიციალური ინფორმაციით, მისი პარტნიორი „ზაუბერი“ გახდება, რომლის ბაზაზეც ამჟამად „ალფა რომეო“ ასპარეზობს. იტალიურმა კომპანიამ უკვე გამოაცხადა, რომ მომავალი სეზონის შემდეგ, შვეიცარიულ საჯინიბოს დაშორდება.