დასრულდა სეზონის ბოლო ველომარათონი, ვუელტა ესპანია, იგივე ესპანეთის ტური. როგორც მოსალოდნელი იყო, იგი ბელგიელმა რემკო ევენეპოლმა მოიგო. ბოლო ეტაპზე კი გამარჯვება კოლუმბიელმა ხუან სებასტიან მოლანომ მოიპოვა, ვინც სპრინტში მწვანე მაისურის მფლობელი, დანიელი მადს პედერსენი ჩამოიტოვა.
22 წლის ევენეპოლმა ჩემპიონობა შაბათს გაინაღდა, როდესაც იოლად მოიგერია თავისი მთავარი კონკურენტის, ესპანელი ენრიკ მასის შეტევა. კვირის რბოლა ფორმალობა იყო და ძირიტადად სააღლუმო ტემპში ჩაიარა. ახალი ჩემპიონი ფინიშთან „ქვიკ-სტეპ ალფა ვინილის“ თანაგუნდელებმა მიაცილეს.
ევენეპოლი 1978 წლის შემდეგ პირველი ბელგიელი ველომრბოლია, ვინც ველომარათონის მოგება შეძლო. მის თანამემამულეთაგან ბოლოს ეს იოჰან დე მუინკმა, ჯიროზე შეძლო. ამასთან, ის არის ვუელტას ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონია 1961 წლის გამარჯვებულის, ესპანელი ანხელინო სოლერის შემდეგ.
საბოლოოდ, მასი (მოვისტარი) ჩემპიონს ორ წუთზე მეტით ჩამორჩა და მეორე ადგილი დაიკავა. მისთვის ეს ვიცე ჩემპიონის მესამე წოდებაა. მესამეზე „UAE ტიმ ემირატსის“ ესპანელი ხუან აიუსო გავიდა.
ქულების ჩათვლაში გამარჯვება დანიელმა მადს პედერსენმა (ტრეკ-სეგაფრედო) მოიპოვა, ეკვადორელი რიჩარდ კარაპასი (ინეოს გრენადერსი) კი საუკეთესო სამთო მრბოლი გახდა.
ევენპოლმა გასული სეზონის ჯირო მე-17 ეტაპზე, ავარიის შემდეგ შეწყვიტა და ვერც ტოკიოს ოლიმპიადაზე შეძლო საკუთარ შესაძლებლობათა სრულად გამოვლენა. ამ სეზონში მას ერთდღიანი კლასიკა სან სებასტიანა აქვს მოგებული, ვუელტაზე კი ორ ეტაპზე გაიმარჯვა.