სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გრძელდება მსოფლიოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომლის მეორე საშეჯიბრო დღეს ლერი აბულაძე ფინალში გავიდა.
63 კგ წონით კატეგორიაში აბულაძემ ჩინელი ერბატუ ტუი (4:1), ყირგიზი ტინარ შარშენბეკოვი (7:2) და ირანელი ალი რეზა ნეჯატი (2:1) დაამარცხა. ფინალში ლერის მეტოქე 12 სექტემბერს, სერბი სებასტიან ნადი იქნება.
67 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოსთვის იჭიდავებს ჯონი ხეცურიანი, რომელმაც ნახევარფინალში ირანელ მოჰამადრეზა გერაეისთან 0:8 წააგო, თუმცა მანამდე შვეიცარიელი ანდრეას ვეტში (11:0), უზბეკი აბრორ ატაბაევი (4:1) და უკრაინელი პარვიზ ნასიბოვი (7:0) დაამარცხა.
82 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებს გელა ბოლქვაძე, რომელმაც ბულგარელი როსიან დერმანსი 4:1 დაამარცხა. მომდევნო წრეში თურქ ბურჰან აკბუკაკთან 0:9 წააგო, მაგრამ თურქი ფინალში გავიდა და ჩვენებურს დამამშვიდებელ წრეში გადასვლის უფლება მიანიჭა.
97 კგ წონით კატეგორიაში გიორგი მელიამ იაპონელი ტაკაჰირო ცურუდა იოლად, 7:1 დაამარცხა, შემდეგ კი უნგრელ ალექს სზოკესთან 1:3 დამარცხდა და რადგან მისი მეტოქე ფინალამდე ვერ მივიდა, მედლისთვის ბრძოლის შანსი დაკარგა.