ფეხბურთი

18:25 | 10.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედოს" ბრწყინვალე სერია გრძელდება და სამეულთან ერთ ნაბიჯშია

ქუთაისის „ტორპედო“ დიდებულ ფორმაშია და 25 ივნისის შემდეგ არ დამარცხებულა. კახა ჩხეტიანის გუნდმა ეროვნულ ლიგაში ამ პერიოდში 7 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 6 მოიგო (1 ფრე).

იმერულმა გუნდმა მორიგი სამი ქულა ბოლნისში, „სიონთან“ შეხვედრაში მოიპოვა. უგოლო პირველი ტაიმის მერე, ქუთაისელებმა აშკარა უპირატესობა მოიპოვეს. ანგარიში ირაკლი ბუღრიძემ გახსნა, რასაც მაურო კაბალიეროსა და ვაჟა ტაბატაძის გოლები მოჰყვა - 3:0, ჩხეტიანის გუნდის სასარგებლოდ.

ქუთაისის „ტორპედომ“ 40 ქულა დააგროვა, მეოთხე ადგილზე აღზევდა და სამეულში მყოფ „სამგურალს“ უკვე მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება. იმერლები მომდევნო ტურში 18 სექტემბერს, „დინამო ბათუმს“ შეხვდებიან. ბოლნისის „სიონი“ 27 ქულით მერვეა და წინ თბილისის „ლოკომოტივთან“ თამაში ელოდება.

„სიონი“ – „ტორპედო“ 0:3 (0:0)

გოლები: 0:1 ბუღრიძე (57), 0:2 კაბალიერო (68), 0:3 ტაბატაძე (90)

0.113829