სხვა

10:27 | 10.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

პედრსენმა ისევ მოიგო, ევენეპოლი კი ისევ ლიდერია

22 წლის ბელგიელი რემკო ევენეპოლი კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ვუელტას ჩემპიონის ტიტულს. მე-19 ეტაპის შემდეგაც, ის ლიდერის წითელ მაისურშია და ისევ ორ წუთზე მეტს უგებს უახლოეს მდევარს, ესპანელ ენრიკ მასს. დანარჩენი მდევრები კი ხუთ წუთზე შორს არიან.

ეს ეტაპი კი დანიელმა მადს პედერსენმა მოიგო, ვისთვისაც ეს მიმდინარე ველომარათონზე, მესამე მოგებული ეტაპია. მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, საფინიშო სპურტში იოლად ჩამოიტოვა ყველა კონკურენტი და უახლოეს მდევარს ველოსიპედის სიგრძით აჯობა. ფინიშს პელოტონთან ერთად მიაღწია ყველა ლიდერმა.

138-კილომეტრიან დისტანციაზე მხოლოდ ორი, მეორე კატეგორიის აღმართი (პუერტო დელ პიელაგოს აღმართი ორჯერ) იყო გასავლელი. ეს იყო საკმაოდ იოლი ეტაპი იმისთვის, რომ ლიდერთა განლაგებაში ცვლილება შეეტანა.

რბოლის ბოლოს, პირველმა ავსტრალიელმა მაილს სკოტსონმა შეუტია. მაგრამ ბოლო მოსახვევის შემდეგ, ფინიშამდე 150 მეტრით ადრე, მას პედერსენმა გაასწრო, რომელმაც ბოლომდე იოლად შეინარჩუნა ლიდერობა. მეორე ადგილი ბრიტანელმა ფრედ რაიტმა დაიკავა, მესამეზე კი ბელგიელი ჯანი ვერმეერში გავიდა.

ამ მოგებით, პედერსენმა პრაქტიკულად განაღდა ქულების ჩათვლაში გამარჯვება. მას 379 ქულა აქვს. 174 ქულით მეორეზე რაიტია.

„სამი მოგება იმაზე გაცილებით მეტია, რისთვისაც აქ გამოვედით. ამიტომ, ეს სუპერ, სუპერ სასიამოვნოა. ხვალ მთავარია, რომ ფინიშს მივაღწიო. მერე კი მადრიდში ფინალი გვაქვს. სულერთია, რით დამთავრდება ეს ყველაფერი. ჩვენ ესპანეთში გატარებული ამ სამი კვირით მაინც კმაყოფილი ვიქნებით“, - განაცხადა პედერსენმა.

მეორე აღმართის ბოლოს არსებულ შუალედურ ფინიშზე პირველი მივიდა ეკვადორელი ოლიმპიური ჩემპიონი რიჩარდ კარაპასი, ვინც პრაქტიკულად გაინაღდა გამარჯვება სამთო ჩათვლაში.

რაც შეეხება ევენეპოლს, მას ბოლო გამოცდის ჩაბარება მე-20 ეტაპზე მოუწევს, რომლის მარშრუტშიც სამი პირველი კატეგორიის სამთო მონაკვეთია. მასს კი ბოლო შანსი ექნება იმისთვის, რომ ლიდერის წითელი მაისური ხელში ჩაიგდოს.

0.112689