სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჩოგბურთი

0:11 | 10.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

რამმა და სალისბერიმ აშშ-ის ღიას ტიტული შეინარჩუნეს

ამერიკელი რაჯივ რამის და ბრიტანელი ჯოი სალისბერის წყვილმა, აშშ-ის ღია პირველობის ფინალში ჰოლანდიელი ვესლი კოოლჰოფის და ბრიტანელი ნილ სკუპსკის წყვილი 7-6(4), 7-5 დაამარცხა და გახდა ისტორიაში მეორე წყვილი, რომელმაც ამ დიდი სლემის ამ ტურნირის წყვილთა ტიტული ზედიზედ მეორედ მოიგო.

რამმა და სალისბერიმ ერთად, აშშ-ის ღიაზე სულ მეოთხედ ითამაშეს. 2020 წელს ნახევარფინალს მიაღწიეს, შემდგ კი უკვე ზედზედ მეორე ტიტულს დაეუფლნენ. აქამდე ეს ტურნირი ზედიზედ ორჯერ მხოლოდ ავსტრალიელების, ტოდ ვუდბრიჯის და მარკ ვუდფორდის წყვილს ჰქონდა მოგებული (1995-96 წლებში).

„ეს ნამდვილი სიგიჟეა. ჯერაც ვერ დამიჯერებია, რომ ისევ აქ ვდგავართ. ამ ტურნირზე თამაშიც კი ერთი სიამოვნებაა და ზედიზედ ორჯერ გამარჯვება - ნამდვილი საოცრება“, - განაცხადა სალისბერიმ, ვინც წყვილთა რეიტინგში, მსოფლიოს პირველი ჩოგნის სტატუსი შეინარჩუნა.

ტურნირზე რამის და სალისბერის წყვილი პირველ ნომრად იყო განთესილი, სკუპსკის და კოოლჰოფისა კი - მეორე ნომერი იყო. და მათი პაექრობა, პირველი დარტყმიდან ბოლომდე იყო უშეღავათო. პირველ სეტში მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა ბრეიკ პოინტი, მაგრამ რამმა და სალისბერიმ მისი გამოყენება ვერ შეძლეს. თუმცა ტაიბრეიკზე მაინც მიაღწიეს საწადელს.

არადა, ტაიბრეიკზე თავიდან კოოლჰოფის და სკუპსკის წყვილი 4-1 დაწინაურდა. მაგრამ ამის შემდეგ მათ ერთი ქულაც ვეღარ აიღეს. რამმა და სალისბერიმ ზედზედ ექვსი ქულის მოპოვებით დაასრულეს ტაიბრეიკიც და პირველი სეტიც.

კოოლჰოფმა და სკუპსკიმ, ვინც წყვილში პირველად ამ სეზონში გაერთიანდნენ, მეორე სეტის დასაწყისში შეძლეს ბრეიკის აღება და 2-1 დაწინაურდნენ. მაგრამ ჩემპიონებმა მაშინვე ბრეიკით უპასუხეს და ანგარიში გათანაბრდა. თითქოს, ამჯერადაც სეტის ბედი ტაიბრეიკზე უნდა გადაწყვეტილიყო, მაგრამ რამმა და სალისბერიმ კიდევ ერთხელ შეძლეს მეტოქის გეიმის მოგება, მე-12 გეიმში კი, პირველივე მატჩ პოინტი ქულად აქციეს და შეხვედრაც ასე დასრულდა.

„მე ამ სტადიონზე პირველად გახსნისთანავე მოვედი. მერე ვნახე პიტ სამპრასის გამარჯვება, ენდი როდიკის გამრჯვება, ვენუსის და სერენას ტრიუმფები. ახლა კი მე ამ ისტორიის პატარა ნაწილი ვარ და წარმოდგენა არ მაქვს, ჩემი ემოციები როგორ უნდა გადმოგცეთ“, - განაცხადა რამმა.

სამპრასს აშშ-ის ღია ხუთჯერ აქვს მოგებული, როდკს ერთხელ, სერენა და ვენუს უილიამსებმა წყვილებში ერთად ორჯერ მოიპოვეს ტიტული და კიდევ არაერთხელ ერთეულებში...

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.118482