ავტოსპორტი

10:16 | 9.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი მონცას რბოლას უკანა რიგიდან დაიწყებს

ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონ ლუის ჰამილტონს, იტალიის დიდი პრიზის რბოლის სტარტზე, უკან დადგომა მოუწევს. ამის მიზეზი ისაა, რომ მის მანქანაზე ძალური დანადგარია შესაცვლელი. ამით ჰამილტონი ლიმიტს არღვევს, რისთვისაც ჯარიმა ეკუთვნის.

„მერსედესი“ ჰამილტონის მანქანაზე უკვე მეოთხე ძრავს დააყენებს. ერთი აგრეგატი მას ბელგიის რბოლისას დაუზიანდა, როცა ფერნანდო ალონსოს, საწყის წრეზე დაეჯახა.

„ყველაფერი უნდა ვიღონო, რომ უკანა რიგიდან სწრაფად ამოვქაჩო“, - ამბობს ჰამილტონი, ვისაც იმის იმედი აქვს, რომ მონცას სწრაფ ტრეკზე, გასწრება შედარებით ადვილია, რაც წინ სწრაფად წაწევის საშუალებას მისცემს.

ალონსოსთან შეჯახების შემდგ, ჰამილტონის მანქანა ჰაერში ავარდა და ოთხივე ბორბალზე კი დაეცა, მაგრამ როგორც „მერსედესი“ ირწმუნება, დაცემისას ვერტიკალურმა გადატვირთვამ 45G-ს მიღწია. მანქანა თითქოს გადარჩა, მაგრამ წყლის სისტემაში წნევა დაეცვა, რის გამოც, ჰამილტონმა რბოლა შეწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ ბელგიაში ჰამილტონის მანქანაზე მესამე, ახალი ძრავი იდგა. გუნდი ამ აგრეგატის აღდგენაზე მუშაობს, მაგრამ ერთ კვირაში ამას ვერ ასწრებს და ამიტომ, მეოთხე ძრავის გამოყენება უწევს.

ჰამილტონს ჩემპიონატში ამჟამად მეექვსე ადგილი უკავია. სეზონის დასრულებამდე შვიდი ეტაპით ადრე, ბრიტანელი ლიდერ მაქს ფერსტაპენს, ვისაც 15-დან 10 რბოლა აქვს მოგებული, 152 ქულით ჩამორჩება.

0.115721