ცურიხში გამართულ, მძლეოსანთა ბრილიანტის ლიგის ფინალურ შეჯიბრზე, იამაიკელმა შელი-ენ ფრეიზერ-პრაისმა 100 მეტრზე სპრინტში კიდევ ერთი, ამ სეზონში მეხუთე გამარჯვება მოიპოვა და ლიგის ჩემპიონის თასს დაეუფლა. მამაკაცთა ას მეტრზე სპრინტში კი ამერიკელმა ტრეივონ ბრომელმა გაიმარჯვა.
ლეტციგრუნდ სტადიუმის 25 000 მაყურებლის წინაშე, ფრეიზერ-პრაისმა რევანში აიღო იმ მარცხისთვის, რომელიც ლიგის ბრიუსელის შეხვედრაზე, თანამემამულე შერიკა ჯეკსონისგან იწვნია. მან ფინიშს 10.65 წამში მიაღწია, ჯეკსონი (10.81 წამი) კი ამჯერად მეორე ადგილს დასჯერდა.მესამეზე სპილოს ძვლის კუნძულელი მარი-ჟოსე ტა ლუ (10.91) გავიდა.
„ახლა უკვე მომდევნო სეზონზე ვფიქრობ. გამარჯვებით აღფრთოვანებული ვარ. ეს უნაკლო გარბენი იყო და ვამაყობ, რომ 10.65 წამში გავირბინე. ლიგის სეზონი 10.6-ით დავიწყე და 10.6-ით ვამთავრებ. ამიტომ, საწუწუნო არაფერი მაქვს“, - განაცხადა ფრეიზერ-პრაისმა. ის სპრინტის ისტორიაში პირველი ქალი მორბენალია, ვინც ერთ სეზონში, 10.70-ზე ნაკლებ დროში შვიდჯერ ირბინა.
მამაკაცთა სპრინტში ბრომელი სტარტზევე დაწინაურდა და ფინიშს 9.94 წამში მიაღწია. მან უკან მოიტოვა იამაიკელი იოჰან ბლეიკი (10.05) და კანადელი აარონ ბრაუნი.
შერიკა ჯეკსონმა 200 მეტრზე სპრინტში მოიპოვა ლიგის ჩემპიონის ტიტული. მსოფლიო ჩემპიონმა 21.80 წამში გაირბინა და უკან ჩამოიტოვა ამერიკელები, გაბრიელე თომასი (22.38) და ტამარა კლარკი (22.42).
მამაკაცთა 200 მეტრზე სპრინტი კი ამერიკელმა ნოა ლაილსმა მოიგო. მან ორასი მეტრი 19.52 წამში გაირბინა და უკან მოიტოვა კანადელი აარონ ბრაუნი და დომინიკელთა რესპუბლიკელი ალექსანდერ ოგანდო.
ქალთა შორის 400 მეტრზე გამარჯვება ოლიმპიური ვერცხლის მფლობელმა, დომინიკელთა რესპუბლიკელმა მერილეიდი პაულინომ მოიპოვა, ვინც პირადი რეკორდიც გააუმჯობესა და ამ სეზონის საუკეთესო დროც (48.99 წამი) დააფიქსირა. მამაკაცებში იმავე დისტანციაზე, კანადელმა კირანი ჯეიმსმა (44.26) გაიმრჯვა და კარიერაში მესამედ მოიპოვა ბრილიანტის ლიგის მთავარი თასი. პირველი ორი მას 2011 და 2015 წლებში აქვს მოგებული.
ქალთა შორის 100 მეტრზე თარჯრბენში, ნიგერიელმა მსოფლიო ჩემპიონმა ტობი ამუსანმა (12.29 წამი) გაიმარჯვა და ზედიზედ მეორედ გახდა ლიგის ჩემპიონი. მამაკაცთა 110 მეტრზე თარჯრბენი კი ამერიკელი გრანტ ჰოლოვეის (13.02 წამი) გამარჯვებით დასრულდა.
„ეს სეზონი ჩემთვის ძალიან წარმატებული გამოდგა. გავხდი მსოფლიო ჩემპიონი დახურულ და ღია არენებზე და მოვიგე ბრილიანტის ლიგა. ეს ჩემთვის პირველი სეზონია ბრილიანტის ლიგაზე, პირველი ფინალი. და გავაკეთე ის, რაც უნდა გამეკეთებინა“, - განაცხადა ჰოლოვეიმ.
მამაკაცთა შორის 1 500 მეტრზე გარბენში საუკეთესო იყო ნორვეგიელი იაკობ ინგებრიგტსენი, ვინც ამ სეზონში მსოფლიოს საუკეთესო დროს 0.03 წამი მოაკლო. მან დისტანცია 3 წუთსა და 29.02 წამში გაირბინა. ქალთა შორის იმავე მანძილზე კი მსოფლიოს და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა, კენიელმა ფაით კიპიეგონმა გაიმარჯვა.
3 000 მეტრზე სტიპლჩეიზში, თავისი ბაჰრეინელი მეტოქის, ვინფრედ იავის შეცდომით ისარგებლა ეთიოპიელმა ვერკუჰა გეტაჩევმა და ფინიშთან პირველმა მიირბინა. მამაკაცებში კი იმავე სახეობაში მოროკოელმა სუფიან ელ ბაკალიმ გაიმარჯვა.
მამაკაცთა შორის შუბის ტყორცნაში, ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ინდოელმა ნეერაჟ ჩოპრამ გაიმარჯვა, ვინც თავის საუკეთესო ცდაზე, შუბი 88.44 მეტრზე ისროლა.