ავტოსპორტი

2:26 | 7.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფერსტაპენს მეორე ტიტულამდე თვეზე ნაკლები დარჩა

მაქს ფერსტაპენს მეორე ტიტულამდე ცოტა დარჩა. ოღონდ, მას ოფიციალურად მანამ ვერ გაინაღდებს, სანამ 25 წლის გახდება. არსებობს რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ დიდი ალბათობით, ის ჩემპიონი სექტემბრის ბოლოს, ან ოქტომბრის დასაწყისში გახდება.

მომდევნო ეტაპი იტალიის დიდი პრიზია, რომელიც მონცაზე, უახლოეს უქმეებზე გაიმართება. მას მოჰყვება სინგაპურის (2 ოქტომბერს) და იაპონიის (9 ოქტომბერს) დიდი პრიზები.

საშინაო რბოლის მოგების შემდეგ, ფერსტაპენის უპირატესობამ უახლოეს მდევრებთან, 109 ქულას მიაღწია. მას განვლილი 15-დან 10 რბოლა აქვს მოგებული. სეზონის დასრულებამდე 7 რბოლა დარჩა. 109 ქულა ნიშნავს, რომ ფერსტაპენი ლიდერობას მაშინაც შეინარჩუნებს, თუ მომდევნო ოთხ რბოლაში ქულასაც ვერ აიღებს და შარლ ლეკლერი, ან სერხიო პერესი ოთხივეს სწრაფი წრის ბონუსებით მოიგებენ!

ამასთან, პერესისგან თანაგუნდელის კონკურენცია მოსალოდნელი არაა. რაც შეეხება ლეკლერს, როგორც ბოლო რბოლებიდან ჩანს, მას „მერსედესისგან“ გაზრდილი კონკურენციაც შეუშლის ხელს.

სავარაუდოდ, ფერსტაპენი ტიტულს სინგაპურში, ან იაპონიაში გაინაღდებს. რა თქმა უნდა, ბევრი რამ, მონცას რბოლის შედეგზე იქნება დამოკიდებული. იმისათვის, რომ სინგაპურშივე გახდეს ჩემპიონი, ის უახლოეს მდევარს 138 ქულით უნდა დაშორდეს. სხვათა შორის, სინგაპურის ეტაპის უქმეებზე, პარასკევს (30 სექტემბერს) მას 25 წელი შეუსრულდება.

მონცას სწრაფი ტრეკი „რედ ბულის“ მანქანას შეეფერება, სინგაპურში კი ლიდერებს კონკურენცია შესაძლოა „მერსედესმაც“ გაუწიოს.

საინტერესოა ისიც, რომ ზანდფოორტის ტრეკზე მოპოვებული მესამე ადგილი, ლეკლერისთვის საუკეთესოა მას შემდეგ, რაც მან ავსტრიის რბოლა (ივლისში) მოიგო. რაც შეეხება პერესს, მან ბოლო ხუთი რბოლიდან, ოთხში კვარცხლბეკზე ასვლა ვერ შეძლო. ასეთი სტატისტიკით, ერთბაშად რამდენიმე რბოლის მოგება უტოპიურია.

ფერსტაპენს ამჟამად 10 მოგება აქვს. სწორედ ამდენი მოგებით გახდა გასულ სეზონში ჩემპიონი. დარჩენილ 7 რბოლაში მას თავისუფლად შეუძლი სამის მოგება და ამით ერთ სეზონში მოპოვებული გამარჯვებების რეკორდს გაიმეორებს. ეს შედგი პირველს მიხაელ შუმახერს 2004 წელს ჰქონდა, 2013-ში კი სებასტიან ფეტელმა გაიმეორა. ოღონდ, შუმახერმა 13 რბოლა 18-დან მოიგო, ფეტელმა კი - 19-დან.

„ის ასეთ რამეებზე არ ფიქრობს. ყოველ რბოლაში იმისთვის გამოდის, რომ მოიგოს. ის სტატისტიკას და რეკორდებს ყურადღებას არ აქცევს“, - ამბობს „რედ ბულის“ შეფი კრისტიან ჰორნერი...

0.124981