საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა თურქეთთან გამარჯვების შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე დადებითი მუხტი ვერ შეინარჩუნა და მეოთხე ტურში ბულგარეთის ნაკრებთან წააგო, რომელსაც ამ ტურამდე თამაში მოგებული არ ჰქონდა.
ილიას ზუროსის გუნდს გოგა ბითაძე დაუბრუნდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ქართველმა კალათბურთელებმა ამ ტურნირზე ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თამაში აჩვენეს, განსაკუთრებით დაცვაში, მაგრამ მთავარი მიზეზი მარცხისა მაინც სამქულიანები იყო. რატომ? საქართველოს ნაკრებმა 35-დან მხოლოდ 8 სამქულიანი ჩააგდო (23%), ხოლო ბულგარეთმა 38-დან 19 (50%). რა თქმა უნდა, ეს დიდი სხვაობაა და აქვე ისიც უნდა ვახსენოთ, რომ იმ სამქულიანებზე, რომელიც ბულგარელებმა ვერ გამოიყენეს, ჩვენს ფარზე ბურთს ისევ სტუმრები ხსნიდნენ. ცხადია, დაცვაში ასეთი თამაშით ევროპის ჩემპიონატზე თამაშს ვერ მოიგებ.
მოედანზე რეალურად დაძაბული ვითარება არ ყოფილა. პირველი პერიოდი საქართველომ 4 ქულით მოიგო, მაგრამ შემდეგ ბულგარეთის ნაკრების შეჩერება უბრალოდ შეუძლებელი გამოდგა.
33 ქულა ჩააგდო დი ბოსტმა, რომელმაც 13-დან 9 სამქულიანი მოათავსა კალათში, არადა ბულგარელთა ნატურალიზებული ამერიკელი ამ ევრობასკეტზე მანამდე საშუალოდ მხოლოდ 6 ქულას აგროვებდა... ისევ დიდებული იყო ალეკსანდარ ვეზენკოვი, რომელმაც 28 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა. უქმად არც პავლინ ივანოვი ყოფილა, რომელმაც 17 ქულა ჩააგდო. სხვათა შორის, ბულგარელთა მხრიდან ქულები მხოლოდ ხუთმა კალათბურთელმა დააგროვა. ხსენებული სამეულის გარდა ჩავდარ კოსტოვმა (5) და ანდრეი ივანოვმა (7).
საქართველოს ნაკრებში გოგა ბითაძე იყო საუკეთესო 21 ქულით და 6 მოხსნით, სანდრო მამუკელაშვილმა 13 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა, თად მაკფადენმა 19 ქულა შესძინა გუნდს. 10-10 ქულა დააგროვეს დუდა სანაძემ და გიორგი შერმადინმა, 7 რატი ანდრონიკაშვილმა, ხოლო სხვა მოთამაშეებმა თამაში უქულოდ დაასრულეს. სხვათა შორის, საქართველომ პირველი პერიოდი მოიგო, მაგრამ დანარჩენი სამი მეოთხედი წააგო.
ამრიგად, ყველაფერი ბოლო ტურში გაირკვევა. A ჯგუფს თურქეთი და ესპანეთი 3-3 მოგებით (1-1 წაგება) ლიდერობენ და ბოლო ტურში ერთმანეთს შეხვდებიან. მონტენეგროსა და ბელგიას 2-2 მოგება/წაგება აქვთ, ხოლო საქართველოსა და ბულგარეთს 1-1 მოგება და 3-3 წაგება. ისიც ვთქვათ, რომ ჯგუფიდან გასვლის შანსს ყველა გუნდი ინარჩუნებს, მათ შორის, ბულგარეთიც (ბელგიას შეხვდება), ხოლო საქართველოს მეტოქე მონტენეგრო იქნება. ილიას ზუროსის გუნდი თუ მოიგებს, მონტენეგროს ნამდვილად აჯობებს, მაგრამ პარალელურად ბულგარეთმა ბელგია არ უნდა დაამარცხოს...
საქართველო - ბულგარეთი 80:92 (18:14, 20:25, 19:27, 23:26)