ინგლისის პრემიერლიგის მეექვსე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ლონდონის „არსენალს“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.
„არსენალს“ ამ ტურამდე 5-დან 5 მოგება ჰქონდა, ხოლო „მანჩესტერიც“ კარგ ხასიათზე იყო, რადგან საწყისი ორი წაგების შემდეგ ზედიზედ სამი გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული. ცხადია, ორივე გუნდს სერიის გაგრძელება სურდა და მიზანს მანკუნიანელებმა მიაღწიეს.
„მანჩესტერი“ 35-ე წუთზე შესანიშნავი კომბინაციის შედეგად დაწინაურდა, გოლი კი ანტონიმ გაიტანა, რომელსაც დებიუტი ჰქონდა. ბრაზილიელმა იდეალურად დაიწყო და თავის გუნდს ტაიმი მოაგებინა. მართალია, მეორე ნახევარში „არსენალმა“ ბუკაიო საკას გოლით გაათანაბრა, მაგრამ ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა მაინც მოიგო, რადგან შეუჩერებელი იყო მარკუს რაშფორდი, რომელმაც დუბლი შეასრულა და „წითელ ეშმაკებს“ ზედიზედ მეოთხე თამაშის მოგებაში დაეხმარა.
„არსენალმა“ წაგების მიუხედავად 15 ქულით ლიდერობა შეინარჩუნა, ხოლო „მანჩესტერს“ 12 ქულა აქვს და მეოთხე პოზიციამდე აღზევდა. მომდევნო ტურში „მეთოფეები“ „ევერტონს“ შეხვდებიან, „წითელი ეშმაკები“ – „კრისტალ პალასს“.
„მანჩესტერი“ – „არსენალი“ 3:1 (1:0)
გოლები: 1:0 ანტონი (35), 1:1 საკა (60), 2:1 რაშფორდი (66), 3:1 რაშფორდი (75)