სხვა

19:55 | 4.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთი: საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ითამაშებს!

ქართველმა წყალბურთელებმა პლეი-ოფში მეოთხედფინალის საგზურისთვის მატჩში ნიდერლანდები 12:8 დაამარცხეს და ისტორია დაწერეს. დეიან სტანოიევიჩის გუნდმა მიუხედავად იმისა, რომ პირველი პერიოდი 2:3 წააგო, შემდეგ იდეალურად ითამაშა და საბოლოოდ, გამარჯვება არ გასჭირვებია. განსაკუთრებით კარგი იყო მეორე პერიოდი, რომელიც საქართველომ 5:1 მოიგო, მოპოვებული უპირატესობა კი დარჩენილ ორ პერიოდში ხელიდან არ გაუშვია.

შესანიშნავი თამაში ჩაატარა ქართველმა მეკარემ, ნიკოლოზ შუბლაძემ, რომელმაც გუნდი არაერთხელ გადაარჩინა და ერთხელ პენალტიც მოიგერია. საქართველოს რიგებიდან გოლები მარკო ელაჩას (3 გოლი), ანდრია ბითაძის (2), ბორის ვაპენსკის (2), ხვიჩა ჯახაიას (1), დუშან ვაშიჩის (1), ნიკა შუშიაშვილის (1), ფაბიო ბარალდის (1) და ვალიკო დადვანის (1) აქტივშია.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეხუთედ თამაშობს და საუკეთესო შედეგი მეათე ადგილი იყო, ახლა კი მინიმუმ მეოთხედფინალში გასვლით საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრა გარანტირებულია. საინტერესოა, რომ სწორედ ამიტომ, ტოპ 8 გუნდში შესვლით, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლებაც მოიპოვა.

საქართველო მეოთხედფინალურ მატჩს 6 სექტემბერს, მასპინძელ და ერთ-ერთ ფავორიტ ხორვატიის ნაკრებთან გამართავს.

საქართველო - ნიდერლანდები 12:8 (2:3, 5:1, 2:2, 3:2)

0.118547