„ნაპოლიმ“ სერია A-ს მეხუთე ტურში სტუმრად რომის „ლაციო“ 2:1 დაამარცხა და გამარჯვების გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. წამყვანმა იტალიურმა გამოცემებმა თამაშის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ ქართველი ნახევარმცველი დაასახელეს.
Gazzetta Dello Sport 7.5 ქულა: „ნახევარი საათის შემდეგ დაიმუხტა, ჯერ მეკარემ აჯობა, შემდეგ ბურთი ძელს გაარტყა. მეორე ტაიმში აშკარა საგოლე მომენტი გაანიავა, მაგრამ მერე გადამწყვეტი გოლო გაიტანა. აგვისტოს საუკეთესო მოთამაშე, ბომბარდირი - მეტი რა გინდათ?“
Tuttosport 7.5 ქულა: „ის „ნაპოლის“ ტეიზერია. მისი თამაში (ძელი) პირველ ტაიმში „აძურის“ აღვიძებს. სამი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა, მაგრამ მეოთხე მომენტით გამარჯვების გოლი გაიტანა”.
Corriere Dello Sport 8 ქულა: „ლაციო“ დაშალა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმის მეოთხე წუთზე თითქოს მარტივად გასატანი გოლი ვერ გაიტანა, გამარჯვების გოლი მაინც მიითვალა. ბურთი ძელსაც გაარტყა. მრისხანეა“.
შეგახსენებთ, „ნაპოლი“ 11 ქულით სერია A-ს „მილანთან“ ერთად ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი 7 სექტემბერს „ლივერპულთან“ გამართავს და კვარაცხელიას დებიუტს ჩემპიონთა ლიგაზე ველოდებით. იტალიის ჩემპიონატში კი ნეაპოლელები 10 სექტემბერს, „სპეციას“ უმასპინძლებენ. ხვიჩა კვარაცხელიამ ხუთ ტურში 4 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა და ბომბარდირთა დავაში დუშან ვლაჰოვიჩთან და ტეუნ კუპმაინერსთან ერთად ლიდერია.