კალათბურთი

22:51 | 3.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

მარცხი 26 ქულით ესპანეთთან: საქართველო ევრობასკეტზე მოგების გარეშეა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ მარცხი განიცადა. ილიას ზუროსის გუნდმა ჯგუფის ფავორიტ ესპანეთს უმასპინძლა და დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწია - 64:90.

თავიდანვე ვთქვათ, რომ გოგა ბითაძე სასტარტო ხუთეულში იყო, მაგრამ პარკეტზე მხოლოდ საწყისი წუთები გაატარა, შემდეგ თამაშიდან გავიდა და მოედანზე აღარ დაბრუნებულა. ბითაძისა და თორნიკე შენგელიას გარეშე კი საქართველოს ნაკრებს ესპანეთთან ცხადია, რომ ძალიან გაუჭირდა.

პირდაპირ ვთქვათ, რომ ბრძოლა მხოლოდ პირველ პერიოდში იყო, რომელიც საქართველომ 16:18 დათმო და რომ არა ბოლო წამზე მიღებული სამქულიანი, პერიოდს მოიგებდა კიდეც. აი, მეორე პერიოდიდან ესპანეთის უპირატესობა აშკარა გახდა, ხოლო მესამე პერიოდის შუაში თამაშის ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო. ამიტომაც, ზუროსმა შემადგენლობაში როტაციას მიმართა და გუნდის ყველა წამყვანი მოთამაშე სათადარიგო სკამზე დასვა, რომ მომდევნო მატჩებისთვის დაესვენებინა. შედეგად, ესპანეთმა 26-ქულიანი უპირატესობით, 90:64 მოიგო

საქართველოს ნაკრებში საუკეთესო რატი ანდრონიკაშვილი იყო, რომელმაც 13 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა, 10 ქულა და 6 მოხსნა ჰქონდა გიორგი შერმადინს, სანდრო მამუკელაშვილი ახლოს იყო ორმაგ დუბლთან 10 ქულითა და 9 მოხსნით, ხოლო თად მაკფადენმა თამაში მხოლოდ 6 ქულით დაასრულა.

ესპანელთაგან ვილი ერნანგომესი 14 ქულით და ხაიმე პრადილა 12 ქულით გამოირჩა. 9-9 ქულა ჰქონდათ ხუანჩო ერნანგომესსა და ჩაბი ლოპეს-აროსტეგის.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებს ორ ტურში ორი მარცხი აქვს და ჯგუფში ბოლო ადგილზეა, ხოლო 3 სექტემბერს, 21:00 საათზე თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველო - ესპანეთი 64:90 (16:18, 15:22, 16:31, 17:19)

სტატისტიკა სრულად...

0.149847