ძიუდო

16:32 | 3.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი თუთაშვილს ევროპის ღია პირველობაზე ბრინჯაოს მედლის შანსი აქვს

ავსტრიის ქალაქ ობერვარტში დაიწყო ევროპის ღია პირველობა ძიუდოში, რომლის პირველ საშეჯიბრო დღეს სამმა ქართველმა მოსინჯა ძალები და ბრინჯაოს მედლისთვის გიორგი თუთაშვილი იბრძვის.

66 კგ წონით კატეგორიაში თუთაშვილმა ისრაელის წარმომადგენელი გუი გუტმანი და მერე ნიდერლანდელი დილან ვან დერ კოლკი დაამარცხა, ხოლო ყაზახ იერმეკ ამანგელდისთან წააგო და რეპეშაჟში გადავიდა, რომლის პირველი შეხვედრა შვეიცარიელ ფრედი ვაიცენგერთან მოიგო და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

60 კგ წონით კატეგორიაში თორნიკე მარგველაშვილმა პირველ წრეში თურქმენ ტოილი მირადოვს აჯობა, მაგრამ შემდეგ ყაზახ შერზოდ დავლატოვთან წააგო და უმედლოდ დარჩა.

66 კგ წონით კატეგორიაში საბა კაპანაძემ პირველივე წრეში ავსტრიის სახელით მოასპარეზე კიმრან ბორჩაშვილთან განიცადა მარცხი და მედლისთვის ვერ იბრძოლა.

შეგახსენებთ, რომ ობერვარტში 4 სექტემბერს კიდევ 5 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს, მათ შორის, ლაშა ბექაური, რომელიც ტატამიზე ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ პირველად გავა.

0.114378