ავტოსპორტი

0:45 | 3.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოსკარ პიასტრის „მაკლარენში“ გადასვლის უფლება მიეცა

ახალგაზრდა ავსტრალიელ მრბოლ ოსკარ პიასტრის, ვინც ამჟამად „ალპინის“ სარეზერვო პილოტია, ფრანგულ გუნდთან კონტრაქტის შეწყვეტის და „მაკლარენში“ გადასვლის უფლება მისცეს. ბრიტანულ გუნდში ის თანამემამულე დანიელ რიკარდოს ადგილს დაიკავებს.

კონტრაქტის აღიარების საბჭოს (CRB) ოთხივე წევრმა ერთხმად გადაწყვიტა, რომ 21 წლის ავსტრალიელთან, ერთადერთი ვალიდური კონტრაქტი „მაკლარენს“ აქვს. ამგვარად, მომავალი სეზნდან, უოკინგელთა რიგებში გამოვა პიასტრრი, ვისაც ფორმულა 3-ის და ფორმულა 2-ის ტიტულები, ამ სერიებში დებიუტისთანავე აქვს მოპოვებული. მისი მენეჯერია ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი, ავსტრალიელი მარკ ვებერი.

„ალპინს“ პიასტრის ძირითად პილოტად გადაყვანა მას შემდეგ სურდა, რაც გუნდი ფერნანდო ალონსომ დატოვა. 41 წლის ესპანელი მომავალი სეზონიდან „ასტონ მარტინში“ გადავა, სადაც სპორტიდან წასულ სებასტიან ფეტელს შეცვლის.

„მაკლარენმა“ უკვე გამოაცხადა, რომ პიასტრი მომავალი სეზონიდან ლანდო ნორისის პარტნიორი იქნება. ცნობილია, რომ ავსტრალიელს უოკინგელებთან ორწლიანი კონტრაქტი აქვს.

ამგვარად, „ალპინში“ ადგილი გათავისუფლდა. მის დაკავებაზე მტავარი კანდიდატი, ფრანგი პიერ გასლია. გასლის „ალფატაურისთან“ მომავალ სეზონზე კონტრაქტი აქვს და მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუ „რედ ბულის“ მფლობელობაში მყოფი მეორე საჯინიბო ვალდებულებისგან გაათავისუფლებს.

სხვათა შორის, „ალპინის“ პილოტი ესტებან ოკონი არ მალავს, რომ თანაგუნდელად მიკ შუმახერი ურჩევნია. რაც შეეხება რიკარდოს, მას რამდნმე შეთავაზება აქვს, თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია, რომ „ალპინში“ დაბრუნდეს, რადგან ორი წლის წინათ, სწორედ ის (მაშინ რენოს სახელით ასპარეზობდა) დატოვა და ნაკლებად სავარაუდოა, ფრანგული კომპანიის ხელმძღვანელობამ, მისი უკან დაბრუნება ისურვოს.

0.134277