მძლეოსანთა დახურული არენების მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ჩინეთის ქალაქ ნანძინში 17-19 მარტს უნდა გამართულიყო, კოვიდ-19-ის პანდემიის გაძლიერების გამო გადაიდო.
ზაფხულის ბოლო დღეს ჩინეთში ინფიცირების 2 057 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს ამ ქვეყნის ფონზე ბევრი არაა და ესეც რომ არა, ჩემპიონატამდე ჯერ ბევრი დროა. მაგრამ ვორლდ ატლეტიკსმა გადაწყვეტილება მაინც მიიღო.
ნანძინში მსოფლიო ჩემპიონატის გამართვა 2020 წელს იყო დაგეგმილი. მაგრამ პანდემიის გამო, ის ჯერ 2021 წლის მარტისთვის გადაიტანეს, შემდეგ კი თარიღი ორი წლით გადაიდო.
ვორლდ ატლეტიკსი აცხადებს, რომ ჩემპიონატის კიდევ ერთხელ გადადება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ამ საკითხზე შეთანხმებას ნანძინის საორგანიზაციო კომიტეტთან და ჩინეთის მძლეოსანთა ასოციაციასთან (CAA) მიაღწიეს.
„ვწუხვართ, მაგრამ იძულებული ვართ, ჩემპიონატი კიდევ ერთხელ, იმ გარემოებათა გამო გადავდოთ, რომლებიც ჩვენზე დამოკიდებული არაა. ჩვენ გავაკეთეთ ისე, რომ ათლეტებს და წევრ ფედერაციებს, საკუთარი განრიგის დაგეგმვის საშუალება ჰქონოდათ“, - ამბობს ვორლდ ატლეტიკსის პრეზიდენტი სებასტიან კოე და დასძენს, რომ მომდევნო ჩემპიონატი 2024 წელს, გლაზგოში გაიმართება.
მისივე თქმით, ნანძინს ჩემპიონტის 2025 წელს გამართვის შესაძლებლობა ექნება, რადგან ქალაქს და ორგანიზატორებს, დიდი სამუშაო აქვთ შესრულებული და ახლავე მზად არიან დიდი შეჯიბრის სამასპინძლოდ.