ფეხბურთი

23:17 | 29.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილი: "დიდი მადლობა "დინამო ბათუმს", ახლა დამშვიდობების დროა"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი „დინამო ბათუმში“ აღარ ითამაშებს. 21 წლის ფეხბურთელმა ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა, სადაც წერს, რომ დამშვიდობების დრო დადგა.

„მოგესალმებით. მოვიდა დრო, როცა მიწევს დამშვიდობება „დინამო ბათუმთან“. ამ გუნდში ჩემი ცხოვრების ძალიან პატარა პერიოდი გავატარე, თუმცა რამდენიმე თვემ ცხოვრებაში ბევრი დადებითი ემოცია მაჩუქა. ის, რაც ბათუმში ყოფნის პერიოდში ხალხისგან ენერგიად მივიღე, ძალიან დიდხანს გამყვება.

დიდი მადლობა „დინამო ბათუმის“ ყველა წევრს, Black Sea Pirates - Dinamo Batumi Fan-Club-ს და ყველა გულშემატკივარს. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით ამ ზაფხულში თქვენი გახარება ევროტურნირების მატჩებში, თუმცა დარწმუნებული ვარ, „დინამო ბათუმი“ გააგრძელებს წარმატებით წინსვლას და გაახარებს ქართველ ხალხს“, - დაწერა დავითაშვილმა სოციალურ ქსელში.

ზურიკო კარიერას დიდი ალბათობით „ბორდოში“ გააგრძელებს, რომელიც ისტორიული ფრანგული კლუბია, საფრანგეთის 6-გზის ჩემპიონი, მაგრამ გასულ სეზონში ლიგა 1-დან გავარდა, შესაბამისად, ამჟამად ლიგა 2-ში თამაშობს, სადაც 5 ტურის შემდეგ 8 ქულით მეხუთე ადგილზეა.

ზურიკო დავითაშვილი "დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილია, შემდეგ მან თბილისის "ლოკომოტივში", ყაზანის "რუბინში", ვოლგოგრადის "როტორსა" და ტულას "არსენალში" ითამაშა, ხოლო მიმდინარე წლის აპრილიდან "დინამო ბათუმის" წევრია, რომლის რიგებში 18 მატჩში 7 გოლის გატანა შეძლო. საქართველოს ნაკრებში 21 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 19 მატჩი და 3 გოლია.

0.115638