მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა მაქს ფერსტაპენმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა. მან ბელგიის დიდი პრიზი მოიგო, რბოლა, რომელიც მე-15 პოზიციიდან დაიწყო. დუბლი შეასრულა „რედ ბულმა“ - ფინიშთან მეორე სერხიო პერესი მივიდა. მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა „ფერარის“ კარლოს საინსი, ვინც სტარტი პოულიდან აიღო.
საინსი კვალიფიკაციის შემდეგვე შიშობდა, რომ ფერსტაპენის შეჩერება, მისი ტემპიდან გამომდინარე, შეუძლებელი იქნებოდა. ჩემპიონმა მას მოლოდინი არ გაუმტყუნა. ჰოლანდიელმა თანდათან ჩამოიტოვა მეტოქეები და უკვე მე-12 წრეზე პელოტონს სათავეში მოექცა.
ორი წრის შემდეგ, ის პიტ სტოპზე შევიდა და ლიდერობა საინსს გადაულოცა, თუმცა სულ ოთხი წრე დასჭირდა იმისთვის, რომ ესპანელისთვის გაესწრო და ახლა უკვე საბოლოოდ ჩასდგომოდა რბოლას სათავეში. საინსს კი მალე პერესმაც გაასწრო.
ფერსტაპენმა ზედ ფინიშის წინ, ბოლო მოსახვევიდან გამოსვლისას, თავის მანქანაზე კინაღამ კონტროლი დაკარგა, მაგრამ ბოლო მომენტში შეძლო საჭის დამორჩილება და ფინიშის დროშაც „ჩაიბარა“.
„მანქანა თითქოს რელსებზე იდგა“, - განაცხადა 24 წლის ფერსტაპენმა, ვინც ამ სეზონის 14 რბოლაში, მეცხრე გამარჯვება მოიპოვა. ეს მის კარიერაში 29-ე მოგებული დიდი პრიზია. ამგვარად, ჩემპიონატში უახლოეს მდევართან მისი უპირატესობა, 80-დან 93 ქულამდე გაიზარდა. ეს უახლოესი მდევარი კი ამჯერად პერესია.
რბოლა მეხუთე ადგილზე დაასრულა შარლ ლეკლერმა, ვინც სტარტზე ფერსტაპენის უკან იდგა. მაგრამ ერთი ადგილით ჩამოქვეითდა, რადგან პიტლეინზე გავლისას, სიჩქარის ლიმიტს გადააჭარბა. სპას რბოლის შემდეგ, ის ლიდერს უკვე 98 ქულით ჩამორჩება და სეზონის დასრულებამდე რვა ეტაპით ადრე, ჩემპიონობის მხოლოდ თეორიული შანსიღა რჩება. მონაკოელმა აღიარა, რომ ფერსტაპენი და მასთან ერთად „რედ ბულიც“, „სულ სხვა პლანეტაზე არიან“ და მათი დაწევა წარმოუდგენელია.
ლეკლერის მეხუთე ადგილზე ფერნანდო ალონსომ გადაინაცვლა, ვინც შესანიშნავი რბოლა ჩაატარა და პირველ წრეზე, ლუის ჰამილტონთან მომხდარ შეჯახებასაც უვნებლად გადაურჩა. მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა ლეს კომბსის პირველ მოსახვევში, გასწრებისას თავის ყოფილ თანაგუნდელს გზა მოუჭრა. მისი „მერსედესი“ უკანა მარჯვენა ბორბლით, ალონსოს „ალპინის“ წინა მარცხენა ბორბალს „წამოედო“. შეჯახებამ „მერსედესი“ ჰაერში ააგდო. თუმცა ის ოტხივე ბორბლით დაეშვა გზის მიღმა და გზაც გააგრძელა, თუმცა მალევე რბოლა შეწყვიტა. ალონსომ კი დაუზიანებლად განაგრძო ასპარეზობა.
„ეს რა იდიოტია, ამ ბიჭს რბოლა მხოლოდ მაშინ ეხერხება, როცა სტარტს პირველი ადგილიდან იღებს“, - ასეთი იყო ალონსოს მიერ, ინციდენტის შეფასება, რომელიც რადიოთი, თავის გუნდს გაუზიარა.
ჰამილტონმა სწრაფადვე აღიარა შეცდომა და თავი იმით იმართლა, რომ ალონსო ვერ დაინახა.
ბელგიის დიდი პრიზი
სპა ფრანკორშანი, დისტანცია 308.052 კმ (7.004 კმ, 44 წრე)
- 1. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:25:52.894
- 2. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 841
- 3. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 886
- 4. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 140
- 5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 1'13.256
- 6. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1'14.936
- 7. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1'15.640
- 8. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 1'18.107
- 9. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1'32.181
- 10. ალექს ელბონი (ტაილანდი, უილიამსი) 1'41.900
- 11. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 1'43.078
- 12. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1'44.739
- 13. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1'45.217
- 14. გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 1'46.252
- 15. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1'47.163
- 16. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1 წრე
- მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 1 წრე
- ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 1 წრე
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) 43 წრე
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 44 წრე
უსწრაფესი წრე: მაქს ფერსტაპენი - 1:49.354 (32-ე წრე, 230.575 კმ/სთ)
მრბოლთა კლასიფიკაცია
1. მაქს ფერსტაპენი - 284 ქულა; 2. სერხიო პერესი 191; 3. შარლ ლეკლერი - 186; 4. კარლოს საინსი - 171; 5. ჯორჯ რასელი - 170; 6. ლუის ჰამილტონი - 146; 7. ლანდო ნორისი - 76; 8. ესტებან ოკონი - 64; 9. ფერნანდო ალონსო - 51; 10. ვალტერი ბოტასი - 46; 11. კევინ მაგნუსენი - 22; 12. სებასტიან ფეტელი - 20; 13. დანიელ რიკარდო - 19; 14. პიერ გასლი - 18; 15. მიკ შუმახერი - 12; 16. იუკი ცუნოდა - 11; 17. გუანიუ ჟოუ - 5; 18-19. ალექს ელბონი და ლანს სტროლი - 4; 20-21. ნიკოლას ლატიფი და ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ასტონ მარტინი) – 0.
კონსტრუქტორთა ჩემპიონატი
1. რედ ბული - 475 ქულა; 2. ფერარი - 357; 3. მერსედესი - 316; 4. ალპინი - 115; მაკლარენი - 95; 6. ალფა რომეო - 51; 7. ჰაასი - 34; 8. ალფატაური - 29; 9. ასტონ მარტინი - 24; 10. უილიამსი - 4.