ხორვატიის ქალაქ სპლიტში ამ წუთებში დაიწყო საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებისა და მონტენეგროს ეროვნული ნაკრების მატჩი ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენი გუნდი კონტინენტის პირველობაზე ზედიზედ მეხუთედ გამოდის და ჯგუფში იტალია, მონტენეგრო და სლოვაკეთი ჰყავს.
ჯგუფიდან 1 გუნდი პირდაპირ მეოთხედფინალში გადავა, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრას პლეი-ოფის გზით ეცდებიან. ამ მხრივ ჩვენი ყველაზე დიდი მეტოქე სლოვაკეთის ნაკრებია.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა შემდეგნაირია: ირაკლი რაზმაძე, ნიკოლოზ შუბლაძე, ვალიკო დადვანი, ხვიჩა ჯახაია, ნიკა ტყეშელაშვილი, მარკო ელაჩა, ფაბიო ბარალდი, ანდრია ბითაძე, სანდრო ადეიშვილი, ბორის ვაპენსკი, ნიკოლოზ შუშაშვილი, რეზი იმნაიშვილი, ივან სარიჩი, გიორგი მაგრაქველიძე, დუშან ვასიჩი.
საქართველოსა და მონტენეგროს ნაკრები გუნდების მატჩის ნახვა საზოგადოებრივ მაუწყებელზე შეგიძლიათ.