ფეხბურთი

1:17 | 28.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსს" ვლაჰოვიჩის სუპერგოლი არ ეყო, ლოჩოშვილს "ტორინოსთან" არ უთამაშია (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს მესამე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „იუვენტუსი“ და „რომა“ შეხვდნენ, რომელიც როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბული გამოდგა, მაგრამ გამარჯვებული არ გამოვლენილა.

„იუვემ“ აქტიურად დაიწყო და მეორე წუთზე უკვე იგებდა. დუშან ვლაჰოვიჩმა საჯარიმო დარტყმა ფანტასტიკურად შეასრულა და ანგარიში გახსნა. სხვათა შორის, სერბმა სეზონში მესამე გოლი გაიტანა და ბომბარდირებში ხვიჩა კვარაცხელიას დაეწია, თუმცა, ქართველს მესამე ტურის მატჩი წინ აქვს. „იუვემ“ პირველ ტაიმში აქტიურობა განაგრძო და „რომა“ რამდენჯერმე გადაურჩა გოლს. 25-ე წუთზე კი მანუელ ლოკატელიმაც ულამაზესი გოლი შეაგდო, მაგრამ VAR-მა გოლი გააუქმა, რადგან შეტევის დასაწყისში ვლაჰოვიჩს ხელით უთამაშია. „ჯალოროსიმ“ პირველი ნახევარი იმდენად ცუდად ჩაატარა, რომ ჟოზე მოურინიომ მატჩის მერე პრესკონფერენციაზე აღიარა, ბიჭებს ვუთხარი, მრცხვენია ამ გუნდის მწვრთნელი რომ ვარო... მეორე ნახევარშიც ტურინული გრანდი თამაშს აკონტროლებდა და გამარჯვებას ალბათ მოიპოვებდა, რომ არა ერთი უყურადღებობა კუთხურის დროს, რითაც ტამი აბრაჰამმა ისარგებლა და 69-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. „იუვენტუსს“ სამ ტურში მხოლოდ 5 ქულა აქვს და სეზონი იდეალურად ვერ დაიწყო, ხოლო „რომას“ 7 ქულა გააჩნია და ლიდერია, „მილანთან“ და „ტორინოსთან“ ერთად.

„მილანმა“ „ბოლონიასთან“ საკუთარ მოედანზე ძალიან მშვიდად მოიგო. რაფაელ ლეაომ და ოლივიე ჟირუმ თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანეს. „როსონერის“ არანაირი პრობლემა არ ჰქონია, რადგან „ბოლონია“ უსუსურად გამოიყურებოდა და კარშიც ვერ დაარტყა.

ზედიზედ მესამედ წააგო ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ“, რომელმაც ზედიზედ ორი გასვლის მერე შინ „ტორინო“ მიიღო და 1996 წლის შემდეგ ეს მისი პირველი საშინაო თამაში იყო სერია A-ში. თუმცა მასიმილიანო ალვინის გუნდმა ტურინულ კლუბთან ვერაფერი გააწყო და ისევ უქულოდ დარჩა, თუმცა ამჯერადაც ბოლომდე იბრძოლა. 90 წუთი თადარიგში დარჩა ლოჩოშვილი, სავარაუდოდ, თავის დაზიანების გამო, რაზეც მატჩის წინ ალვინიმ ისაუბრა და მისი თამაში არ გარისკა. მომდევნო ტურში „კრემონეზე“ „ინტერს“ ესტუმრება და ვნახოთ, დაბრუნდება თუ არა, სასტარტოში ქართველი მცველი.

სერია A-ს მესამე ტურის დარჩენილი ოთხი მატჩი კვირას გაიმართება და ტური „ფიორენტინასა“ და „ნაპოლის“ შეხვედრით დასრულდება.

„იუვენტუსი“ – „რომა“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ვლაჰოვიჩი (2), 1:1 აბრაჰამი (69)

„კრემონეზე“ – „ტორინო“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ბიანკეტი (17, ა.გ), 0:2 რადონიჩი (65), 1:2 სერნიკოლა (80)

„სპეცია“ – „სასუოლო“ 2:2 (2:1)

გოლები: 0:1 ფრატეზი (27), 1:1 ბასტონი (30), 2:1 ნზოლა (45), 2:2 პინამონტი (50)

„მილანი“ – „ბოლონია“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ლეაო (21), 2:0 ჟირუ (58)

0.13105