კალათბურთი

0:43 | 28.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

მარცხი დაძაბულ ბრძოლაში: საქართველო იტალიასთან ბოლო წუთზე გატყდა

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში იტალიის ნაკრების წინააღმდეგ მარცხი განიცადა.

ილიას ზუროსის გუნდმა თორნიკე შენგელიას მძიმე ტრავმის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა და ცხადია, ყველაზე საინტერესო იყო, როგორ გაართმევდა გუნდი ლიდერის გარეშე თამაშს, რაც სხვათა შორის, ურიგოდ არ გაუკეთებია.

საქართველო ბრეშაში გამარჯვების შანსს ბოლო წუთამდე ინარჩუნებდა. აღსანიშნავია, რომ პირველ-მეორე პერიოდებს აბსოლუტურად ერთნაირი სცენარი ჰქონდა - საქართველოს ნაკრები კარგად იწყებდა, გაქცევას აწყობდა, მაგრამ პერიოდის შუა ნაწილიდან იტალია უმატებდა და წინ გადიოდა. პირველი ნახევარი აპენინელებმა საბოლოოდ 5 ქულით მოიგეს, ხოლო მესამე პერიოდი ზუროსის შეგირდებმა კარგად ჩაატარეს და ეს ჩამორჩენა გააბათილეს. ამრიგად, გადამწყვეტი პერიოდის წინ ანგარიში თანაბარი იყო.

ბოლო 10-წუთეული საინტერესოდ წარიმართა, ჯერ საქართველო იგებდა, მერე იტალიამ მოიპოვა 6-ქულიანი უპირატესობა, მაგრამ თად მაკფადენმა ზედიზედ ორი სამქულიანი ჩააგდო, რითაც ანგარიში კიდევ ერთხელ გათანაბრდა - 82:82. ასე იყო საფინალო სირენამდე 1:34 წუთით ადრე, მაგრამ დარჩენილ დროში ზუროსის გუნდი იტალიამ გატეხა და საბოლოოდ, 84:91.

აღსანიშნავია, რომ იტალიის ნაკრების ლიდერმა დანილო გალინარიმ ტრავმა მიიღო და თამაშს გამოეთიშა და არავინ იცის, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს თუ არა.

საქართველოს ნაკრებს 19 ქულით და 13 მოხსნით გოგა ბითაძემ ულიდერა, 16 ქულა ჰქონდა თად მაკფადენს. 10-ქულიან ზღვარს კიდევ ორი მოთამაშე გადაცდა - გიორგი შერმადინი (12) და დუდა სანაძე (11). აღსანიშნავია, რომ გიორგი ცინცაძემ 11 პასი მიითვალა (8 ქულასთან ერთად). ასევე 8 ქულა ჰქონდა სანდრო მამუკელაშვილს.

იტალიის ნაკრებს სიმონე ფონტეკიომ ულიდერა 21 ქულით, 17 ჰქონდა გალინარის (15 წუთში), მარკო სპისუმ 15 ქულა მიითვალა, ხოლო ჯიჯი დატომემ - 9.

საქართველოს ნაკრები L ჯგუფში 3 მოგებით და 3 წაგებით მეოთხე ადგილზე დაქვეითა, რადგან ისლანდიამ უკრაინას მოუგო. თუმცა, ზუროსის გუნდს მთავარი ბრძოლები წინ ელოდება. მართალია, იტალიასთან მოგებით მსოფლიოს ჩემპიონატს ძალიან მივუახლოვდებოდით, მაგრამ ახლაც არსებობს რეალური შანსი და გადამწყვეტი კონკურენტ ისლანდიასთან მატჩები იქნება. სწორედ ისლანდიასთან ელოდება შესარჩევ ეტაპზე უახლოესი თამაში (11 ნოემბერს).

თუმცა, ახლა მთავარი ევროპის ჩემპიონატია, რომელიც 1 სექტემბერს დაიწყება და საქართველოს ნაკრების კალენდარი ასეთია:

საქართველო - ბელგია (1 სექტემბერი)

საქართველო - ესპანეთი (3 სექტემბერი)

თურქეთი - საქართველო (4 სექტემბერი)

საქართველო - ბულგარეთი (6 სექტემბერი)

საქართველო - მონტენეგრო (7 სექტემბერი)

იტალია - საქართველო 91:84 (25:19, 18:19, 23:28, 25:18)

სტატისტიკა სრულად...

0.210952