ბელგიის სპა ფრანკორშანში ფორმულა 1-ის სეზონი განახლდა. ბელგიის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლაში, მოქმედმა ჩემპიონმა და მიმდინარე სეზონის ლიდერმა მაქს ფერსტაპენმა საუკეთესო დრო დააფიქსირა, მაგრამ კვირის რბოლას პოულ პოზიციიდან კარლოს საინსი დაიწყებს.
„რედ ბულის“ პილოტს საინსზე 0.632 წამით უკეთესი დრო ჰქონდა, მაგრამ იმის გამო, რომ მის მანქანაზე ძრავს და გადაცემათა კოლოფს უცვლიან, სტარტზე მე-15 პოზიციას დაიკავებს. იმავე მიზეზების გამო, სტარტზე მე-16 დადგება შარლ ლეკლერი, ვისაც მეოთხე საუკეთესო დრო ჰქონდა. ის ჩემპიონატში ფერსტაპენის უახლოესი მდევარია და მას 80 ქულით ჩამორჩება.
„იმ სიჩქარით, რაც ჩენს მანქანას აქვს, სულ ცოტა, კვარცხლბეკზე ასვლა მინდა“, - განაცხადა ჰოლანდიელმა, ვინც უნგრეთის დიდი პრიზის რბოლა მე-10 პოზიციიდან დაიწყო და ფინიშთან პირველი მივიდა.
„იმ სიჩქარით, რაც მას (ფერსტაპენს) აქვს, რბოლის მოგება თავისუფლად შეუძლია. და ალბათ, მას შარლიც უკან მიჰყვება“, - ამბობს ჯორჯ რასელი, ვინც რბოლას მე-5 პოზიციიდან დაიწყებს.
საინსი პოულზე კარიერაში მეორედაა. თუმცა ფიქრობს, რომ ფერსტაპენის სიჩქარე მას მეორე გამრჯვების მოპოვებას გაურთულებს. გარდა ამისა, ძლიერი მეტოქე - სერხიო პერესი დგას მის გვერდზე. მის უკან კი კიდევ ერთი ესპანელი, ფერნანდო ალონსოა, ვინც უკან ჩამოიტოვა „მერსედსის“ პილოტები. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი იმედოვნებს, რომ რბოლას ტოპ ხუთეულში დაამთავრებს. კვალიფიკაციაზე მასზე უკეთესი დრო თანაგუნდელ ესტებან ოკონს ჰქონდა, მაგრამ სტარტზე ის მე-17 ადგილზე დადგება.
თავისი მანქანის სიჩქარით უკმაყოფილოა ლუის ჰამილტონი, ვინც ამბობს, რომ ისეთი გრძნობა აქვს, თითქოს მანქანას უკან პარაშუტი აქვს მიბმული. ის ამბობს, ფერსტაპენთან 1.8-წამიანი ჩამორჩენა, ნამდვილი კბილებში დარტყმააო.
ბელგიის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 1'44.297
- სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 0.165
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 1.071
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1.206
- ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1.479
- ალექს ელბონი (ტაილანდი, უილიამსი) 1.540
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1.470
- პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1.530
- ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 2.314
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 2.047
- ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 2.104
- კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 2.260
- იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 2.395
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) 3.569
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1'43.665
- შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 0.256
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 0.883
- ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1.881
- გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 1.788
- მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 3.421