ინგლისის ჩემპიონშიფის მეექვსე ტურში შოთა არველაძის „ჰალ სიტიმ“ „ქოვენთრის“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
„ვეფხვებმა“ სეზონში პირველი მარცხი წინა ტურში განიცადეს, თუმცა საკმაოდ მძიმე - 2:5 „ვესტ ბრომვიჩთან“, რის გამოც ახლა რეაბილიტირება უმნიშვნელოვანესი იყო. არველაძის გუნდმა ამოცანა კარგად შეასრულა.
მატჩის გმირი ოსკარ ესტუპინიანი გამოდგა, რომელმაც სტუმრებს 3 გოლი გაუტანა. კოლუმბიელმა შემტევმა მე-11, 42-ე და 56-ე წუთზე შეძლო თავის გამოჩენა და ჰეთ-თრიქი შეასრულა. საერთოდ, ესტუპინიანმა, რომელიც „ჰალმა“ მიმდინარე ზაფხულს დაიმატა, სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო და უკვე 7 გოლი აქვს გატანილი.
„ჰალ სიტიმ“ ამ გამარჯვებით 6 ტურში 11 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეორე-მესამე ადგილებს „შეფილდ იუნაიტედთან“ ერთად იყოფს, ხოლო ლიდერ „რედინგს“ ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში შოთა არველაძის გუნდი 30 აგვისტოს, ქპრ-ს ესტუმრება.