ლოზანაში გამართულ მძლეოსანთა ბრილიანტის ლიგის შეხვედრაზე, ქალთა შორის 100 მეტრზე სპრინტში ამერიკელმა ალეია ჰობსმა გაიმარჯვა. და ეს მაშინ, როცა ლოზანაში მასთან ერთად, სამივე საუკეთესო იამაიკელმა სპრინტერმა იასპარეზა. მაგრამ მათგან ფინალში სტარტზე მხოლოდ ერთი - შერიკა ჯეკსონი დადგა. ის ამერიკელმა ფოტო ფინიშზე დაამარცხა.
ჰობსის (ფოტოზე) დროა 10.87 წამი, ჯეკსონს კი მასზე მხოლოდ 0.01 წამით უარესი ჰქონდა. მესამეზე სპილოს ძვლის კუნძულელი მარი-ხოსე ტა ლუ გავიდა (10.89). იამაიკელი ელეინ თომპსონ-ერა, ვინც იუჯინუს და რაბატის შეხვედრები მოიგო, ფალს-სტარტისთვის გარბენიდან მოიხსნა. ლიგის სამი შეხვედრის გამარჯვებულმა, შელი-ენ ფრეიზერ-პრაისმა კი ფეხის ტრავმა მიიღო და ასპარეზობას ადრევე გამოეთიშა.
ჰობსი სულ მეორე არაიამაიკელი სპრინტერია, ვინც ამ სეზონში, ბრილიანტის ლიგაზე 100 მეტრზე სპრინტი მოიგო. პირველმა ეს ბრიტანელმა დინა ეშერ-სმიტმა, ბირმინგემის შეხვედრისას შეძლო.
„კარგი სტარტი მქონდა. მე ვიცი, თუ კარგი სტარტი მექნება, კარგ დროში გარბენა შემიძლია. მიხარია, რომ ეს შევძელი და ფინიშს 10.87 წამში მივაღწიე. ეს ჩემთვის კიდევ ერთი სუბ 10.9 წამია. ლოზანაში პირველად გამოვედი. აქ ასპარეზობა პირველად რამდენიმე წლის წინათ შემეძლო, მაგრამ ამის საშუალება ტრავმამ არ მომცა“, - განაცხადა ჰობსმა.
მამაკაცთა შორის 200 მეტრზე სპრინტში, ტოკიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანმა, ამერიკელმა ნოა ლაილზმა გაიმარჯვა. მან ლიგის ჩემპიონის წოდება მესამედ მოიგო. ლაილზის დროა 19.56 წამი. მას 0.2 წამით ჩამორჩა თანამემამულე მაიკლ ნორმანი. მესამეზე კი ტრინდადი და ტობაგოელი ჯერიმ რიჩარდსი გავიდა.
მამაკაცთა შორის შუბის ტყორცნაში, ინდოელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნეერაჟ ჩოპრამ გაიმარჯვა, ვინც მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლს დასჯერდა. ჩოპრამ პირველივე ცდაზე, შუბი 89.08 მეტრზე გასტყორცნა, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა. მეორე და მესამე ადგილები ჩეხმა იაკუბ ვალდეიხმა (85.88 მეტრი) და ამერიკელმა კერტის თომპსონმა (83.72 მეტრი) დაიკავეს.